საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №764აპ-20 ქ. თბილისი
რ- ა., 764აპ-20 10 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე. ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძისა და მსჯავრდებულ ა. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. რ-ს ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
2. ა. რ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ა. რ- 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე დროის პერიოდში თავის მეუღლეს – ა. დ-ეს აყენებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდა, ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, რამაც გამოიწვია ა. დ-ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა. რ-მ 2019 წლის 6 აპრილს, ღამის საათებში, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამმა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს – ა. დ-ეს ხელი ჩაარტყა ზურგში. ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. დ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ა. რ-მ 2019 წლის 6 აპრილს, 15:00 საათზე, ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამმა, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მეუღლეს – ა. დ-ეს ხელი ჩაარტყა ზურგში. ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. დ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ა. რ-, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) და განესაზღვრა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ა. რ-ს საბოლოოდ მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 აპრილიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განაჩენით შეიცვალა: ა. რ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი), ამ ნაწილში იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რამაზ შანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. რ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში), ხოლო დანარჩენ ნაწილში – განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. მსჯავრდებულ ა. რ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ ბრალდების სამივე ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. პროკურორი რამაზ შანიძე შესაგებლით ითხოვს, არ იქნეს გაზიარებული ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ა. რ-ს სრულად გამართლების თაობაზე.
8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მსჯავრდებულ ა. რ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება განაპირობა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა. რ- სისტემატურად შეურაცხყოფდა, ამცირებდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე პერიოდში, რადგან დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან, ე.ი. 2018 წლის 7 აგვისტოდან 2018 წლის 13 სექტემბრამდე ა. რ- ოჯახში არ მისულა და რაიმე სახის კომუნიკაცია მეუღლესთან არ დაუმყარებია.
9. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ა. რ-ს ბრალეულობა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდზე დაყრდნობით გამოიტანა. საქმეში წარმოდგენილ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (შეტყობინებით „112-ში“, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ა. რ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ადვოკატ დ. გ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის ერთობლიობას ა. რ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის.
10. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009)). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ („კუპატაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017); იხ. „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
11. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძისა და მსჯავრდებულ ა. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი