ას-557-526-2011 27 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის წევრები _ გ. ა-ძე, ბ. ო-ძე, ი. შ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” თავმჯდომარე ჯ.ბ-ძე; ქ.ბათუმის მერია; ... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები _ დ. ბ-ძე; შპს “...”; შპს “ჯ. კ-ი”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობა, “აკადემიის” გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმებისა და 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” წევრებმა _ გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა მოპასუხეების – ქ.ბათუმის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ინდივიდუალური ბინათმშენებლობა “აკადემიის” გამგეობის სხდომის 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმის, ასევე, ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების, 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილების, ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილების მეორე ნაწილის ბათილად ცნობა, ხოლო შესაბამისად, ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების ძალაში დატოვება. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, გაეტარებინა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა აკადემიის საკუთრება ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 1-5).
2006 წლის 25 ივლისს მოსარჩელეებმა იმავე სასამართლოში წარადგინეს დამატებითი სასარჩელო განცხადება, თანამოპასუხედ მიუთითეს ასევე ბინათმშენებლობა “აკადემიის” თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე და დამატებით მოითხოვეს 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულების ბათილად ცნობა. ხოლო იმავე წლის 1 დეკემბერს შეტანილი დამატებით სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს ბათილად ყოფილიყო ცნობილი ქ.ბათუმის მერიის 2006 წლის 18 ივლისის ¹203 დადგენილება თანმდევი შედეგებით (ტომი I, ს.ფ. 74-78, 141-147).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება დ. ბ-ძე, ხოლო 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ შპს “...” და შპს “ჯ. კ-ი” (ტომი I, ს.ფ. 212-214).
ამავე სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის, ბ. ო-ძის და ი. შ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი III, ს.ფ. 50-59).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 70-82).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით ბ. ო-ძის, გ. ა-ძის და ი. შ-შვილის სარჩელისა გამო ქ.ბათუმის მერიის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბინათმშენებლობა “აკადემიის” თავმჯდომარის ჯ. ბ-ძის მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა “აკადემიის” გამგეობის სხდომის 2001 წლის 21 აპრილით დათარიღებული ორი ოქმის, 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულებისა და ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი III, ს.ფ. 174-177).
საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გაიზიარა განსჯადობის საკითხის ზემოაღნიშნული წესით გადაწყვეტა და დასახელებულ ნაწილში საქმე განსახილველად გადასცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი III, ს.ფ. 233-241).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” წევრების გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, კერძოდ, ქ.ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის სხდომის 2001 წლის 25 აპრილით დათარიღებული ორი ¹1 ოქმის, 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულებისა და ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება, აკადემიის გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ორი ¹1 ოქმები და 2001 წლის 30 აპრილის დებულება (ტომი III, ს.ფ. 296-308)
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ქ.ბათუმის მერიამ და ქ.ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიამ”. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი III, ს.ფ. 332-344, 376-379).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი III, ს.ფ. 419-429).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 თებერვლის განჩინებით ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის ამხანაგობა ,,აკადემიის” წევრების – გ. ა-ძის, ბ. ო-ძის, ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიის" გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმების, 2001 წლის 30 აპრილის დებულების და ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებები:
1993 წლის 19 ივლისს საინიციატივო ჯგუფმა ბ. ო-ძის ხელმძღვანელობით მიმართა ქ.ბათუმის მერიის კაბინეტს მშენებლობის ნებართვის შესახებ. მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებით. მათ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი ამხანაგური ერთსადარბაზოიანი, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ... და იბ-ის ქუჩების მიმდებარე კვარტალში;
ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა 1993 წლის 19 ივლისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიის” წევრთა საერთო კრების სხდომის ¹1 ოქმი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესდება, არჩეულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გამგეობის წევრები შემდეგი შემადგენლობით: ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი;
ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის ¹109 დადგენილებით ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებაში (რომლითაც მათ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი ამხანაგური ერთსადარბაზოიანი, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ... და ... ქუჩების მიმდებარე კვარტალში) შეტანილ იქნა ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ინდივიდუალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,აკადემიას” გამოეყოს მიწის ნაკვეთი ორსადარბაზოიანი, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ... და ... (...) ქუჩების კვეთაში არსებულ ,,კვარტალში”. ამავე დადგენილების მეორე ნაწილის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება (რომლითაც დამტკიცდა 1993 წლის 19 ივლისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიის” წევრთა საერთო კრების სხდომის ¹1 ოქმი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესდება, არჩეულ იქნენ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გამგეობის წევრები შემდეგი შემადგენლობით: ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი) მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო. ე.ი. ბინათმშენებლობა ,,აკადემიაზე" (1993 წელს შექმნილი) მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და მათი წესდების და გამგეობის წევრების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები გაუქმდა და ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების საფუძველზე.
ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიის” გამგეობის სხდომის 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმით, რომელსაც ესწრებოდა 36 წევრი, საინიციატივო ჯგუფის ძველი შემადგენლობა გაუქმებულად ჩაითვალა და არჩეულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ,,აკადემიის” თავმჯდომარედ ჯ. ბ-ძე, ხოლო ხაზინადარად მემედ შერვაშიძე;
ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებით ბინათმშენებლობა ,,აკადემიას" (2001 წელს შექმნილი) ჯერ ... და ... ქუჩების მიმდებარედ არსებულ კვარტალში გამოეყო მიწის ნაკვეთი ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ხოლო შემდეგ ბათუმის მერიის კაბინეტის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებაში, 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებით ცვლილების შეტანით მოხდა მიწის მონაცვლეობა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,აკადემიას" (2001 წელს შექმნილ ,,აკადემიაზე") 3300 კვ.მ მიწის ნაკევთი გამოეყო ქ.ბათუმში ...ის ქ.¹21-ში;
ზემოაღნიშნული ღონისძიებები, კერძოდ, ჯერ მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მერე მისი მონაცვლეობა სხვა კვარტალში, ბათუმის მერიამ განახორციელა იმ ,,აკადემიაზე", რომელიც შეიქმნა 2001 წელს ჯ. ბ-ძის თავმჯდომარეობით;
საქმეში (ტომი III ს.ფ. 197-ზე) წარმოდგენილი საჯარო რეესტრის 2002 წლის 20 მაისის ამონაწერის თანახმად, 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი (გამოყოფილი ... ქუჩაზე, რომლის მონაცვლეობაც მოხდა შემდეგში ...ის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთით) ამხანაგობა ,,აკადემიას" (თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე) საკუთრება იყო და ერთ-ერთ საფუძვლად მითითებული იყო 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება, რომელიც გამოცემული იყო ამხანაგობა ,,აკადემიის" თავმჯდომარის ჯ. ბ-ძის განცხადების საფუძველზე;
ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილების II ნაწილის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი: ა. ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების პირველი პუნქტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიაზე” ქ.ბათუმში ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ კვარტალში მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში და ბ. ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილების პირველი პუნქტი ინდივიდუალური ბინათმშენებლობა აკადემიაზე ქ.ბათუმში, ...ის ქ.¹21-ში მდებარე 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში. აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის საფუძველად მითითებულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მოთხოვნათა დარღვევა;
ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილება, მერიის მიერ, წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში და მოთხოვნილ იქნა საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება 630 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებულ ჩანაწერებში, რომელიც საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდა 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას". ამ დადგენილების საფუძველზე გაუქმდა რეესტრის ჩანაწერი 630 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას" (თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე);
... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹3904 წერილით დგინდება, რომ ზემოაღნიშნულის შემდეგ ქ.ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მის მიმდებარედ არსებულ 670 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართთან ერთად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ.ბათუმის მერიის სახელზე, ხოლ ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 18 ივლისის ¹203 დადგენილებით ქ.ბათუმში ... ქუჩაზე მდებარე ზემოაღნიშნულ 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადდა ღია აუქციონი. აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე საქმეში არსებული 2002 წლის 20 მაისის ¹05.03.04.011 სააღრიცხვო ბარათით. კერძოდ, დასტურდება რომ გაუქმდა რეესტრის ჩანაწერები 630 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც საკუთრებაში ჰქონდა რეგისტრირებული 2001 წელს შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,აკადემიის" თავმჯდომარე ჯ. ბ-ძეს;
უდავოდ დგინდება, რომ ბათუმის მერიამ ფაქტიურად ბათილად ცნო ის აქტი (2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება), რომლის ბათილობასაც ითხოვენ აპელანტები. ეს ფაქტობრივი გარემოება აპელანტებმაც დაადასტურეს საქმის ხელახლა განხილვისას.
ამდენად, 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებენ აპელანტები არც მათი და არც 2001 წელს შექმნილი ,,აკადემიის" საკუთრებას არ წარმოადგენდა, არამედ, იგი წარმოადგენდა ბათუმის მერიის (სახელმწიფოს) საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად გამოცხადების ვერანაირი იურიდიული ინეტერესი აპელანტებმა საქმის ხელახლა განხილვისას ვერ დადასტურეს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი აღიარებითია, სადაც აუცილებლად უნდა იქნეს დადასტურებული იურიდიული ინტერესი ამ აქტის ბათილად ცნობის. მოცემულ შემთხვევაში ასეთს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება გაუქმებულ იქნა ბათუმის მერიის მიერ, ანუ აღარ არსებობდა დავის საგანი მოთხოვნის ამ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 1993 წელს შექმნილ ,,აკადემიასა" და 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას" ერთი და იგივე ტერიტორიაზე გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, მაგრამ 1993 წელს შექმნილ ,,აკადემიაზე" გამგეობის წევრების სხდომის ოქმის და წესდების დამტკიცების შესახებ ¹345 გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ ძალადაკარგულად გამოაცხადა 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებით, რაც ნიშნავდა იმას, რომ მიწის ნაკვეთი 2001 წელს ,,აკადემიას" მიეკუთვნა, თუმცა შემდეგ მის მიმართაც მოხდა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ...ის ქ.¹21-ში, რაზეც მოგვიანებით ბათუმის მერიასა და 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას" შორის (თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე) დამტკიცდა მორიგება. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე, რომლითაც დგინდება, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა “.აკადემიას" (2001 წელს დაფუძნებული) ქ.ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულების 64600 ლარის გადახდა. ამავე განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-9 პუნქტის თანახმად წინამდებარე მორიგების შეთანხმებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,აკადემიას" საკუთრების უფლების ნამდვილობას მიწის ნაკვეთთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოდ დგინდებოდა, რომ 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას", თანხის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი 1700 კვ.მ ფართის ოდენობით, ბათუმში, ...ის ქ.¹21-ში. ამ საკითხზე დავა მხარეთა შორის დამთავრდა მორიგებით და მორიგებაზე განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, აპელანტების მიერ სადავოდ გამხდარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობდა ...ის ქ.¹21-ში, ჯერ კიდევ 2006 წელს დავა დამთავრდა მორიგებით ბათუმის მერიასა და 2001 წელს შექმნილ ,,აკადემიას" შორის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1993 წელს შექმნილი ,,აკადემია" დღეისათვის აღარ არსებობს. კერძოდ, აპელანტთა მითითებით, 1993 წელს დაფუძნებული ,,აკადემია" შეიქმნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 აპრილის ¹220 დადგენილების საფუძველზე და წარმოადგენდა იურიდიულ პირს; საქმეში წარდგენილი სსრ მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 აპრილის ¹220 დადგენილების საფუძველზე უდავოდ დგინდება, რომ 1993 წელს დაფუძნებული ,,აკადემია" წარმოადენდა კოოპერატივს (საბინა-სამშენებლო კოოპერატივი) ანუ იურიდიულ პირს; სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დღიდან კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები გამოცხადდნენ ლიკვიდირებულად. კოოპერატივების ლიკვიდირებულად გამოცხადების დღიდან მათი უფლებამონაცვლეები გახდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. ანუ, კანონმა განსაზღვრა ვინ ჩაითვალა კოოპერატივების უფლებამონაცვლედ; ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ე.ი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის იქ, სადაც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული ინდივიდუალური საკუთრების საგანი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რომლის მესაკუთრე ავტომატურად ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრად. ანუ, მთლიანობაში ბინამესაკუთრეთა ამახანაგობისათვის დამახასიათებელია ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული უნდა იყოს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში; კონკრეტულ შემთხვევაში, უდაოდ დგინდებოდა ის გარემოება, რომ 1993 წელს შექმნილი აკადემიის სახელზე საჯარო რეესტრში არანაირი ქონება არ ყოფილა რეგისტრირებული და არც მრავალბინიანი სახლი აშენებულა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან 1993 წელს შექმნილი საბინაო კოოპერატივი ლიკვიდირებული იყო, ამიტომ აპელანტებს არ გააჩნდათ სამართლებრივი საფუძველი, ედავათ მერიის მიერ 2001 წელს შექმნილი ,,აკადემიისათვის" (თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე) გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს მიერ განკარგვის კანონიერა/არაკანონიერებაზე.
რაც შეეხებოდა 2001 წლის 25 აპრილის ¹1 (ორი) ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმით (პირველი ოქმი) დგინდება, რომ მას ესწრებოდა 36 წევრი, დღის წესრიგში განიხილებოდა საინიციატივო ჯგუფის გაუქმება ძველი შემადგენლობით და გამგეობის თავმჯდომარისა და ხაზინადარის არჩევნები. 2001 წლის 25 აპრილის ¹1 მეორე ოქმით კი დგინდება, რომ სხდომა ჩატარდა იმავე დღეს იმავე შემადგენლობით, მაგრამ დღის წესრიგი იყო ამხანაგობის თავმჯდომარისა და ხაზინადარის კანდიდატურების საკითხის განხილვა; 2001 წლის 30 აპრილს საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებულ იქნა ერთობლივი საქმიანობის დებულება, რომლითაც ჯ. ბ-ძე ამხანაგობის თავმჯდომარეა და უძღვება ამხანაგობის საქმეებს. აღნიშნული ოქმი და დებულება ძალაშია და არ გაუქმებულა; 2001 წელს შექმნილი ,,აკადემია" ჯ. ბ-ძის თავმჯდომარეობით არ იყო იურიდიული პირი, ის იყო ერთობლივი საქმინობის ამხანაგობა; წესდების თანახმად ამხანაგობაში შედიოდნენ ის წევრები, რომლებიც მუშაობდნენ საზღვაო აკადემიაში, არ გააჩნდათ საცხოვრებელი ბინა და მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ამხანაგობის წევრები; სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენი პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 934-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შემთხვევაში საქმეების მართვისა და გაძღოლის წესები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ჯ. ბ-ძეს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად უფლებამოსილება ჩამორთმეული ჰქონდა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს ან მან უხეშად დაარღვია ხელშეკრულება. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ 2001 წელს შექმნილი ,,აკადემიის” (ერთობლივი სამიქნობის ამახნაგობა) მიერ მიღებული სხდომის ოქმები ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. დგინდებოდა, რომ 2001 წლის 30 აპრილს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დებულება დამტკიცდა უფლებამოსილი პირების მიერ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1993 წელს შექმნილი ,,აკადემიის" მხრიდან, რომელიც ლიკვიდირებულ იქნა, ამ ოქმების ბათილად ცნობაზე მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო, რადგან ისინი უკვე როგორც იურიდიული პირები ლიკვიდირებულნი იყვნენ 1997 წლის 25 ნოემბრისათვის. შესაბამისად, 2001 წელს შექმნილი ,,აკადემია" უკვე ლიკვიდირებული იურიდიული პირის წევრებს ვერ გარიცხავდა მისი წევრობიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოდ დგინდებოდა ისიც, რომ ამ ოქმების ბათილად ცნობით არანაირი სამართლებრივი შედეგი აპელანტებისათვის არ დადგებოდა, მათ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხლვისას ვერ დაადასტურეს იურიდიული ინტერესი, თუ რატომ უნდოდათ ამ ოქმების ბათილად ცნობა, რადგან რომც მომხდარიყო ამ ოქმების ბათილობა, შედეგი აპელანტებისათვის არ დადგებოდა, შედეგი დადგებოდა ჯ. ბ-ძისათვის, რომელთანაც ბათუმის მერიას (ანუ სადავო მიწის ყოფილ მესაკუთრე) დავა მორიგებით ჰქონდა დამთავრებული.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასევე დაუსაბუთებელი იყო მოთხოვნა 2001 წლის 30 აპრილით დამტკიცებული დებულების ბათილად ცნობაზე, რადგან არ დგინდებოდა, ამ დებულების ბათილად ცნობით რა სარგებელი ექნებოდათ აპელანტებს. დგინდებოდა, რომ 2001 წლის 30 აპრილს ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დებულება დამტკიცდა უფლებამოსილი პირების მიერ. თუკი მოხდებოდა სხდომის ოქმების და დებულების ბათილად ცნობა, შედეგი დადგებოდა 2001 წელს შექმნილი ,,აკადემიის" და არა აპელანტების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი (ტომი IV, ს.ფ. 79-96).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის წევრებმა _ გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1993 წელს მიწის ნაკვეთი გამოეყო ბინათმშენებლობის ამხანაგობა „აკადემიას“, მაშინ როცა ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილების თანახმად, მიწის ნაკვეთი გამოეყო საინიციატივო ჯგუფს ბ. ო-ძის ხელმძღვანელობით, ...ა და ...ის ქუჩების მიმდებარე კვარტალში ერთსადარბაზოიანი, შვიდსართულიანი, 21 ბინიანი ამხანაგური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. გარდა ამისა, ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „აკადემიის“ წევრთა საერთო კრების 1993 წლის 19 ივლისის სხდომის ¹1 ოქმი, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესდება, არჩეულ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის გამგეობის წევრები;
ქალაქ ბათუმის მერიის კაბინეტმა 2002 წლის 13 მაისს მიიღო ¹109 დადგენილება, სადაც მითითებულია, რომ: 1. ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა “აკადემიას” გამოეყოს მიწის ნაკვეთი ორ სადარბაზოიანი, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ... და ... (...) ქუჩების კვეთაში არსებულ კვარტალში; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება საქართველოში დღეისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ¹109 დადგენილება „აკადემიის“ სახელზე მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მათი ამხანაგობის გამგეობის წევრების დამტკიცების შესახებ გაუქმდა და ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, მაშინ როცა ამ დადგენილებით ამხანაგობა „აკადემიას“ მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია, მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ¹141 გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფზე, რომელიც დღემდე ძალაშია და არავის არ გაუუქმებია, ¹109 დადგენილებით მხოლოდ შეიცვალა საცხოვრებელი სახლის სართულიანობა. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, 2000 წლამდე მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობის უფლება არ გააჩნდა ქალაქ ბათუმის მერიას, ხოლო 1997 წლის შემდგომ (როცა ამოქმედდა ახალი სამოქალაქო კოდექსი) ბათუმის მერიას არ ჰქონდა უფლება ემსჯელა საბინაო საკითხებზე (მიეღო ამხანაგობასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება, გაეცა ორდერები და ა.შ.);
მოგვიანებით მიღებულ იქნა 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილება, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ¹109 დადგენილება, კერძოდ, ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებაში შეტანილ იქნა ნაწილობრივი ცვლილება და მოხდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „აკადემიაზე“ ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ კვარტალში ორსადარბაზოიანი, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა ...ის ქ.¹21-ში გამოთავისუფლებულ 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რომლის ძირითადი კორპუსი იქნება სამი სადარბაზო, ოთხსართულიანი, მანსარდული და ორი სადარბაზო ექვსართულიანი მანსარდით, ხოლო პირველი სართული არასაცხოვრებელი ფართით. აღნიშნულ დადგენილებასთან მიმართებით სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფა და შემდეგ მონაცვლეობა მოხდა ჯ. ბ-ძის სახელით ჩამოყალიბებულ ამხანაგობაზე, მაშინ როცა მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა მხოლოდ ¹141 გადაწყვეტილებით. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში განკარგვა მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ დაიშვება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. მსგავსი ქმედება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ყოველთვის განიხილება გაცვლის ხელშეკრულებად, რომლითაც ხდება ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა ანუ საკუთრებაში განკარგვა, ხოლო თუ სახელმწიფოს სჭირდება ამ პირებზე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ათვისება, იგი მოქმედებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მოტივით, შესაბამისად მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა არის უკანონო;
სასამართლომ დადგენილად ჩათალა, რომ 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილების თანახმად უკანონოდ მოხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მონაცვლეობა, მაშინ როცა ქალაქ ბათუმის მთავრობამ 2006 წლის 13 ივნისს მიიღო ¹173 დადგენილება, რომლის თანახმად 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება და 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილება ნაწილობრივ ბათილად ცნო. ამ დადგენილებებით არ მომხდარა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა 1993 წლის 6 ივნისის ¹141 გადაწყვეტილებით, ¹109 დადგენილებით ცვლილება შევიდა საცხოვრებელი სახლის სართულიანობაზე, ¹58 დადგენილებით კი მოხდა მონაცვლეობა, შესაბამისად ¹173 დადგენილებით გაფუქმდა მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა;
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილებით ქალაქ ბათუმის მერიამ მოითხოვა საჯარო რეესტრში 2001 წელს შექმნილ „აკადემიაზე“ ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 630 კვ.მ მიწის ნაკვეთის ჩანაწერების გაუქმება. თუკი 2001 წელს შექმნილ „აკადემიას“ 2003 წელს მოენაცვლა მიწის ნაკვეთი 3300 კვ.მ ...ის ქუჩაზე ...სა და ... ქუჩების კვეთაში, 2001 წელს შექმნილ აკადემიას საკუთრება აღარ უნდა დარჩენოდა. ამასთან, თუკი 2001 წელს შექმნილ აკადემიას საკუთრება 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაუქმებული ჰქონდა 2002 წლის 20 მაისის სააღრიცხვო ბარათით, მაშინ გაუგებარია, 2006 წელს ქალაქ ბათუმის მერიამ ამ ჩანაწერის გაუქმება რატომ მოითხოვა, ასევე გაუგებარია, თუ რის საფუძველზე შეიძლებოდა 2002 წელს „აკადემიას“ 630 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრება გაუქმებოდა. ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო მიწის ნაკვეთის მონაცვლეობა, რომელიც მოხდა 2003 წელს და არა 2002 წელს;
სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებას, რადგან ¹109 დადგენილება ბათილად არის ცნობილი. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო უთითებს, რომ ხსენებული დადგენილებით მოხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მისი ბათილად ცნობის შემთხვევაში საკუთრება აღუდგებოდა ქალაქ ბათუმის მერიას, მაშინ როდესაც ¹109 დადგენილებით მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ მომხდარა, მოხდა სართულიანობის ცვლილება, მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა ¹141 გადაწყვეტილებით. შესაბამისად მხარის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ კასატორებს უნდა აღუდგეთ საკუთრება ¹141 გადაწყვეტილების საფუძველზე;
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 1993 წელს შექმნილი აკადემია იყო კოოპერატივი, მაშინ როცა ეს აკადემია შეიქმნა 1988 წლის 26 აპრილის ¹220 სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე და ჩამოყალიბდა როგორც ამხანაგობა. იგი არ წარმოადგენდა კოოპერატივს, რადგანაც 1985 წლის 30 აგვისტოს ¹573 საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება და 1988 წლის 26 აპრილის ¹220 საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებები განასხვავებენ ამხანაგობასა და კოოპერატივს;
სასამართლო მიუთითებს, რომ ლიკვიდაციის შემდეგ ამხანაგობას უფლებამონაცვლე არ დარჩენია. თუკი ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ უთითებს სასამართლო, რომ 2001 წელს აკადემიის “შექმნით” გაუქმდა 1993 წელს შექმნილი “აკადემია” და ყველა უფლება გადავიდა მასზე;
სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წელს 25 აპრილს მიღებული ოქმები არის ორი სხვადასხვა საკითხის გადამწყვეტი ოქმი, მაშინ როცა ეს ოქმები წარმოადგენენ ერთი და იგივეს, იმ განსხვავებით, რომ სიჩქარეში დაავიწყდათ მეორე საკითხის გადაწყვეტა და მოხდა მეორე საკითხის დამატება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ოქმებში აღნიშნული პირები, კერძოდ, სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, არასდროს ყოფილან ბინათმშენებლობა “აკადემიიის” წევრები, მათ მითუმეტეს არ ჰქონდათ გამგეობის სხდომის ჩატარებისა და რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება. გამგეობის ახლად არჩეული თავმჯდომარე იმავე დღეს აწერს ხელს სადავო ოქმებს და წინასწარ დამზადებული ყალბი ბეჭდით ადასტურებს თავის თავმჯდომარეობას. 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ¹1 ოქმით გაუქმდა ინდივიდუალური ბინათშემნებელობა აკადემიიის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შედგებოდა სამი წევრისაგან: ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი (ტომი IV, ს.ფ. 98-103).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 მაისის განჩინებით ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის წევრების _ გ. ა-ძის, ბ. ო-ძის, ი. შ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის წევრების - გ. ა-ძის, ბ. ო-ძის, ი. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. ა-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “აკადემიის” გამგეობის წევრების _ გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს - გ. ა-ძეს, ბ. ო-ძეს და ი. შ-შვილს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. ა-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.