საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№746აპ-20 ქ. თბილისი
ქ-ი ლ., 746აპ-20 9 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით ლ. ქ-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით – 11 წლით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 იანვრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2019 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 8 იანვრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ქ-მა ჩაიდინა: ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; სისტემატური ცემა და ძალადობა ოჯახის წევრის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 21 იანვრიდან 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ქ. თ-ში, ---- გადაკვეთა N-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ქ-მა თავის არასრულწლოვან შვილს – ნ. ზ-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევა თავის ქალას ღრუში და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში. აღნიშნული დაზიანებების შედეგად ნ. ზ-ი გარდაიცვალა 2019 წლის 22 იანვარს, დილის საათებში.
· 2019 წლის იანვრის დასაწყისიდან 22 იანვრამდე, ღამის პერიოდში, ქ. თ-ში, ---- გადაკვეთა N-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ლ. ქ-ი თავის არასრულწლოვან შვილს – ნ. ზ-ს სისტემატურად სცემდა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რის შედეგადაც ნ. ზ-ი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას და სხეულის სხვადასხვა მიდამოში აღენიშნებოდა სხვადასხვა ხანდაზმულობის მსუბუქი დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.
· 2019 წლის 6 იანვარს ლ. ქ-ის მიმართ 30 დღით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან – ნ. ზ-თან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება და მასთან კომუნიკაცია. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 8 იანვრიდან 22 იანვრამდე ლ. ქ-ი იმყოფებოდა ქ. თ-ში, ---- გადაკვეთა N-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მსხვერპლი – ნ. ზ-ი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ნ. თ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ლ. ქ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
6. მსჯავრდებული ლ. ქ-ი საკასაციო საჩივრით აცხადებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმებას ან სასჯელის შემსუბუქებას მაინც, ასევე – ადვოკატის საკასაციო საჩივრის განხილვას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებს ლ. ქ-ის მიმართ ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: მოწმეების – მ. ჩ-ის, მ. ჯ-ის, რ. ჯ-ის, ლ. ქ-ის, ბ. ძ-ის, ი. კ-ის, ც. გ-ის, ქ. კ-ას, ი. დ-ის, ა. ს-ის, ლ. ც-ის, გ. მ-ის, ბ. ძ-სა და სხვათა ჩვენებები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მასალები, სამედიცინო დოკუმენტაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 15 თებერვლის №- და 2019 წლის 7 ივნისის №- დასკვნები, 2019 წლის 6 იანვრის შემაკავებელი ორდერი, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2019 წლის 7 მაისის №. დასკვნა და სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ლ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
9. რაც შეეხება კასატორთა ალტერნატიულ მოთხოვნას – მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ქ-ისათვის როგორც ცალკეული მუხლებით, ისე საბოლოო სასჯელის ზომა – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა – განსაზღვრულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ქ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. თ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი