საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№763აპ-20 ქ. თბილისი
ს-ე მ., 763აპ-20 22 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით მ. ს-ის, – დაბადებულის 19-- წელს, – ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე. მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით, 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით შეიცვალა: მ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,108-ე მუხლზე. მ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 15 წლით, მე-19,108-ე მუხლით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ს-ემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობის მცდელობა და განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით.
4. მ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ. ს-ე სტუმრად მივიდა ლ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მცხოვრებ გ. ტ-თან, სადაც სუფრასთან ყოფნის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სუფრის მსვლელობისას ალკოჰოლით მთვრალ მ. ს-ეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე სუფრასთან მჯდომ მ. მ-ასთან, რომელსაც ესროლა სუფრიდან აღებული ჭიქა. ჭიქა ასცდა მ. მ-ას, მოხვდა კედელს და დაიმტვრა. აღნიშნულზე განაწყენდა გ. ტ-ი და შენიშვნა მისცა მ. ს-ეს, რაზეც ის გაბრაზდა. ამის შემდეგ გ. ტ-მა აიძულა მ. ს-ე, დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი და წასულიყო, რამაც კიდევ უფრო გაანაწყენა იგი, წავიდა გ. ტ-ის სახლიდან და რამდენიმე წუთში, სანადირო თოფით შეიარაღებული, კვლავ დაბრუნდა, გაჩერდა გ. ტ-ის სახლის უკან და დაელოდა მის გამოსვლას. დაახლოებით 20:35 საათზე გ. ტ-ი გავიდა სახლის უკანა მხარეს და დაინახა სანადირო თოფით შეიარაღებული მ. ს-ე, რომელმაც დაუძახა, რომ სახლიდან გაგდების გამო აჩვენებდა, „რასაც უზამდა“ და განზრახ მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა კისრის მიდამოში. მიღებული დაზიანების გამო გ. ტ-ი იქვე წაიქცა და მ. ს-ემ შეძახილით – „რაც დაიმსახურე, ის მიიღეო“, განზრახ მოკვლის მიზნით, მეორედ დამიზნებით ესროლა მარცხენა დუნდულოს ზედა გარეთა საპროექციოდ, რის შემდეგაც თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად ჩათვალა და შემთხვევის ადგილი დატოვა. გ. ტ-ს მ. ს-ის მიერ დამიზნებით გასროლების შედეგად განუვითარდა კისრის ზედაპირზე, ქვედაყბის მარჯვენა ნახევრიდან კისრის მიმართულებით ქვემოთ და მარცხნივ – ნაფლეთოვანი ჭრილობა, ზომით – 40X4 სმ-ზე, სიღრმით – 3სმ, ასევე მარცხენა დუნდულოს ზედა, გარეთა კვადრატის საპროექციოდ – ნაფლეთოვანი ჭრილობა, ზომით – 8X8 სმ-ზე. გ. ტ-ი გადაიყვანეს შპს „მ-ას“ ლ-ის სამედიცინო ცენტრში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
· 2019 წლის 21 თებერვალს ალკოჰოლით მთვრალმა მ. ს-ემ, გ. ტ-ისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების შემდეგ, დატოვა მისი საცხოვრებელი სახლი, გადაკვეთა რკინიგზის ლიანდაგი და წავიდა ამავე სოფელში, ა. მ-ას საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 21:00 საათზე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ა. მ-ა, რომელიც შეხვდა მ. ს-ეს. მთვრალმა მ. ს-ემ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა ა. მ-ას და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ა. მ-ას გასროლის შედეგად განუვითარდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა პ. ბ-ემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ს-ის გამართლებას.
6. პროკურორი მალხაზ სირაძე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი მ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (დაზარალებულ გ. ტ-ის, მოწმეების: მ. მ-ას, ი. მ-ას, მ. ჩ-ის, თ. ა-ის, ლ. ფ-ის, ლ. მ-ას, ზ. გ-ის, ბ. ჩ-ის, მ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 16 სექტემბრის №- და 2019 წლის 10 ოქტომბრის №- დასკვნებით, გვამის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 4 სექტემბრის №- დასკვნითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა მ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
10. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ დასტურდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და მოწმეების საქმის შედეგით დაინტერესების ფაქტები.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ს-ის ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32,მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი