ას-574-542-2011 23 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს “თ. კ-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს “თ. კ-ის” სარჩელის გამო, მოპასუხე – შპს “მ. ს-ს” მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით, შპს “თ. კ-ას” დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის გადახდა. კასატორმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2011 წლის პირველ ივნისს სასამართლოს გადმოეცა შპს “თ. კ-ის” დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლიდანაც არ ირკვეოდა მისი ხელმომწერი პირის ვინაობა.
2011 წლის 3 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა და დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელსაც დაერთვებოდა საპროცესო კოდექსის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა (წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის შემოტანის შემთხვევაში) ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (დირექტორის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის შეტანის შემთხვევაში).
2011 წლის 16 ივნისს სასამართლოში შემოვიდა შპს “თ. კ-ის” საკასაციო საჩივარი, რომელსაც ხელს აწერს მ. ფ-შვილი. საჩივარს არ ერთვის არც მინდობილობა და არც ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლითაც დადასტურდებოდა მ. ფ-შვილის უფლებამოსილება საკასაციო საჩივრის შეტანაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მართალია, ხელმოწერილი საჩივარი წარმოდგენილია, მაგრამ მ. ფ-შვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი კასატორს არ წარმოუდგენია და ასეთი არც საქმეში მოიპოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სრულად არ გამოუსწორებია ხარვეზი, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
შპს “თ. კ-ის” უნდა დაუბრუნდეს მ. ფ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 25 მაისის ¹... საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “თ. კ-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2.. შპს “თ. კ-ის” უნდა დაუბრუნდეს მ. ფ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 25 მაისის ¹... საგადასახადო დავალებით გადახდილი 8000 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.