Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №748აპ-20 ქ. თბილისი

წ-ა ი., 748აპ-20 2 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. წ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, – ბრალად ედებოდა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

· 23.11.2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სს საქმეზე №-- გ. ი-ის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, დანაშაულის ნიშნებით, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

· მოცემულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ი. წ-ა, რომელმაც განმარტა, რომ იგი 22.11.2016 წელს, დაახლოებით 19:15 სთ-ზე, მივიდა ქ. ს-ში, მეზობლად მცხოვრებ ზ. ლ-ას ბინაში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მისი მეგობრები: დ. ფ-ა, გ. ი-ი, გ. ა-ა და ლ. ა-ა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნულ მისამართზე მივიდნენ ი. ბ-ა და ტ. კ-ე, რომლებიც ასევე მიუსხდნენ სუფრას. გ. ი-მა და ტ. კ-ემ დაიწყეს საუბარი და ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ყველანი, თავად ი. წ-აც, გავიდნენ გარეთ.

· მოწმის სახით გამოკითხულმა ი. წ-ამ ასევე განმარტა, რომ უშუალოდ მან დაინახა, სადარბაზოსკენ მიმავალ გ. ი-ს როგორ წამოეწია ტ. კ-ე, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რაც მიუშვირა გ. ი-ს, გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა და დაინახა, რომ ტ. კ-ის ხელში არსებულმა საგანმა ცეცხლი გაანათა, გ. ი-ი კი წაბარბაცდა და წაიქცა, რის შემდეგაც ი. წ-ამ ნახა, თუ როგორ ჩასხდნენ ტ. კ-ე და ი. ბ-ა ავტომანქანაში და წავიდნენ.

· 20.12.2017 წელს ქ. ზ-ში, რ. ლ-ის ქ. №--ში მდებარე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ტ. კ-ისა და ი. ბ-ას ბრალდების სს საქმეზე, სადაც ტ. კ-ეს ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო ი. ბ-ას – საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მოწმის სახით დაკითხულმა ი. წ-ამ უარყო გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მისცა ცრუ ჩვენება და ზემოხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ იგი 22.11.2016წ., საღამოს მივიდა მეზობელთან, სადაც დარჩა ნახევარ საათს, ნასვამი იყო, ჩავიდა ეზოში და უცებ გაიგონა ხმა, რომელიც მიამსგავსა საბურავის გასკდომისა თუ საახალწლო ასაფეთქებლის ხმას, დაიბნა და ინსტიქტურად ავტოფარეხს მიეფარა, რის გამოც არ უნახავს, რა მოხდა. შემდეგ ეზოში შეკრებილ ხალხში გაერია, აქვე უკვე იდგნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ არ დაინტერესებულა. გაიგო, რომ ვიღაც წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვინ – არ იცოდა.

· საბოლოოდ, 15.01.2018 წელს, ტ. კ-ის მიმართ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი: იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო ი. ბ-ა საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გაამართლა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ი. წ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი მარიამ ქორიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. წ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანზე და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს ეჭვის შეტანის შესაძლებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988, ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125; მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. ვინაიდან წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი. წ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, ასევე – მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი