Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №740აპ-18 ქ. თბილისი

ხ-ი თ., 740აპ-18 5 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ხ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა: გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით; ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შესვლა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 13 ივნისს თ. ხ-მა, მ. ხ-ის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეაღწია თ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში;

· 2016 წლის 13 ივნისს თ. ხ-ი თ-ის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე მ. ხ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხა მ. ხ-ს და ძალადობის გამოყენებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განაჩენით თ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. კასატორი – თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა სარია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, თ. ხ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ თ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. გ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ თ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კერძოდ, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტები და შეკრებილი მტკიცებულებები არ იძლევა მსჯავრდებულ თ. ხ-ის ქმედებების გაუპატიურებად და თვითნებობად მიჩნევის შესაძლებლობას.

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) არსებობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №561აპ-15). ამასთან, დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს, რაც ამ (დაზარალებულის) ჩვენების უტყუარობასა და სანდოობას საეჭვოს ხდის.

11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. ხ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი