ბს-1265-840(კ-05) 11 იანვარი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის სქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ი. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება
დავის საგანი – წინა პერიოდის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 12 ნოემბერს ი. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ მოპასუხისათვის 1994 წლის 25 აგვისტოდან, ინვალიდობის უვადოდ დაგენის დღიდან, პენსიის _ 2635,66 ლარის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ არის შსს ორგანოების პენსიონერი 1981 წლიდან. 1994 წლიდან უვადოდ დაუდგინდა ინვალიდობის II ჯგუფი და არ მიუღია ზემოაღნიშნული პერიოდის პენსია. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურიდიულმა დეპარტამენტმა ძალოვნების საპენსიო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ი. კ-ასთვის მიუღებელი პენსიის გაცემაზე, ხანდაზმულობის მოტივით მისცა უარყოფითი დასკვანა, რომელსაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ განიცდიდა დევნას, გატაცებული და სასტიკად ნაწამები იყო მხედრიონელების მიერ. ასეთ ვითარებაში მას არ შეეძლო ეფიქრა პენსიის საკითხის მოგვარებაზე.
მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან (საპენსიო თანხების გაცემა) შეადგენს სამ წელს. იგივეა გათვალისწინებული ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, თუ პენსიონერმა დროულად არ მოითხოვა მისთვის დარიცხული საპენსიო თანხების მიღება, მაშინ მას მიეცემა სრული დროის პენსია, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა მისი მიღების შესახებ მიმართვამდე. მოპასუხის განმარტებით, საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტების შესაბამისად წინა პერიოდის პენსიის მიღების მოთხოვნით ი. კ-ამ ფონდს მიმართა 2002 წლის 18 ოქტომბერს, კანონის შესაბამისად, წინა პერიოდის პენსიის მიღების უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 1999 წლის 18 ოქტომბრიდან, რაც ფონდმა დააკმაყოფილა, ხოლო უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის პენსიის გაცემას მითითებული კანონი არ ითვალისწინებს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 1971 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში. 1981 წელს გულის იშემური დაავადების გამო გავიდა პენსიაზე. 1994 წელს უვადოდ ცნეს II ჯგუფის ინვალიდად. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ 1992 წლიდან განიცდიდა დევნას და მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით განერიდა ქალაქს და ამიტომ შეუძლებელი გახდა მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის კუთვნილი განაცდური პენსიის მისაღებად. აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ ჯეროვნად ვერ შეაფასა და სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, რის გამოც დაშვებულ იქნა შეცდომა, რაც დაედო საფუძვლად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას. რაიონული სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული 1991 წლის 16 ოქტომბრის «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 53-ე მუხლები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან (საპენსიო თანხების გაცემა) შეადგენს სამ წელს, ხოლო «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ პენსიონერი დროულად არ მოითხოვს მისთვის დარიცხული საპენსიო თანხების მიღებას, მაშინ მას მიეცემა სრული დროის პენსია, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა მისი მიღების შესახებ მიმართვამდე. ამრიგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოსა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მოსაზრება აღნიშნულზე და ჩათვალა, რომ ი. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა 1994-1999 წლების მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების თაობაზე იყო ხანდაზმული, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე საპატიო მიზეზის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის აღდგენას.
აქვე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის 52 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პენსია გაიცემა და თანხა სრულად ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საპენსიო ორგანოს მიზეზით ვერ მიიღებს პენსიას, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში წინა პერიოდის საპენსიო თანხის გაუცემლობა გამოწვეულია არა საპენსიო ორგანოს, არამედ მოსარჩელის მიზეზით და, ამდენად, მასზე ვერ გაიცემა პენსია სრული ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ და სარჩელში მითითებული საფუძვლებით მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და 1994-1999 წლების მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების გაცნობის, საქმეში წარმოდგენილი მასალების გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
კასატორი _ ი. კ-ა არის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილი პირი, 1981 წლიდან დანიშნული აქვს პენსია. 1994 წლიდან დაუდგინდა II ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ და საპენსიო ორგანოებისათვის პენსიის მიღების მოთხოვნით 1999 წლის 18 ოქტომბრამდე არ მიუმართავს.
ი. კ-ამ 2002 წლის 18 ოქტომბერს მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს წინა პერიოდის პენსიის ანაზღაურების თაობაზე, რის შედეგადაც მას აუნაზღაურდა 1999 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 18 ოქტომბრამდე მიუღებელი პენსია.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მხრიდან დავის განხილვის პერიოდისათვის მოქმედი, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენების მართებულებას და აღნიშნავს, რომ მითითებული კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერი დროულად არ მოითხოვს მისთვის დარიცხული საპენსიო თანხების მიღებას, მაშინ მას მიეცემა სრული დროის პენსია, მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა მისი მიღების შესახებ მიმართვამდე.
დადგენილია და აღნიშნულს არ უარყობს თავად კასატორიც, რომ წინა პერიოდის საპენსიო თანხის მიღების მოთხოვნით მან სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა 2002 წლის 18 ოქტომბერს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, კასატორს წინა პერიოდის პენსიის მიღების უფლება წარმოეშვა 1999 წლის 18 ოქტომბრიდან, რაც მოპასუხე ორგანოს მიერ დაკმაყოფილებულია. ხოლო, რაც შეეხება 1994-1999 წლების მიუღებელი საპენსიო თანხის ანაზღაურების თაობაზე მის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოთხოვნა იმავე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულია და არ არსებობს მისი აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მის მიმართ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ მითითებული მუხლი არეგულირებს მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც პენსია გაუცემელია საპენსიო ორგანოს ბრალით, რაც იმთავითვე გამორიცხავს კასატორის მიმართ მითითებული მუხლით გათვალისწინებული დებულებების გამოყენების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.