ას-597-563-2011 27ივნისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბ. ალავიძე, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – უ. ე-შვილი
კასატორის წარმომადგენელი – ა. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ^მ. ტ-ვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი –ვალდებულების შესრულება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა უ. ე-შვილმა და მოითხოვა მოპასუხე მ. ტ-ვასთვის საშენი და სარემონტო მასალის ღირებულების - 2000 აშშ დოლარის, საშენი და სარემონტო მასალის ღირებულების 40%-ის მუშებისა და ხელოსნების ხელფასისა და საშენი და სარემონტო მასალის ტრანსპორტირებისათვის 7200 აშშ დოლარის, სამღებრო სამუშაოების ჩატარებისათვის 4000 აშშ დოლარის, საშენი და სარემონტო მასალის ღირებულების - 18 000 აშშ დოლარის, მუშებისა და ხელოსნების ხელფასისა და საშენი და სარემონტო მასალების ტრანსპორტირების 7200 აშშ დოლარის, სამღებრო სამუშაოების 4000 აშშ დოლარის, ე.ი 18 000 + 7200 + 4 000 = 29 200 აშშ დოლარის 20%-ის ანუ 5840 აშშ დოლარის გადახდა მომსახურების გაწევისათვის, სულ 19 040 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება უ. ე-შვილის სასარგებლოდ შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხის ბინას ჩაუტარა ყველა სახის კაპიტალური რემონტი და დამხმარე ფართის კეთილმოწყობის სამუშაოები; მოპასუხემ საშენ და სარემონტო მასალის შესაძენად მისცა 16000 აშშ დოლარი. საშენი და სარემონტო მასალებისათვის დახარჯა საკუთარი 2000 აშშ დოლარი. მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულა პირნათლად, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაუხადა აღნიშნული თანხა.
მ. ტ-ვამ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მას უ. ე-შვილისათვის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულება და გასამრჯელო.
მ. ტ-ვამ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა უ. ე-შვილისათვის ზედმეტად გადახდილი - 5200 აშშ დოლარის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: უ. ე-შვილი არის ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და სამშენებლო საქმიანობას. ვინიადან ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში, არ ჰქონდა მშენებლობისთვის ხელმძღვანელობის დრო და შესთავაზა მოპასუხეს, რომ მშენებლობისთვის ეხელმძღვანელა მას და სანაცვლოდ მიეღო ანაზაღაურება. მასალების შესაძენად და მუშებისთვის ნამუშევარის საზღაურის სამყოფ თანხას აძლევდა ეტაპობრივად, რამაც მთლიანად შეადგინა 21000 აშშ დოლარი. მშენებლობის დასრულების შემდეგ უ. ე-შვილმა წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც იყო უსაშველოდ გაზრდილი მოპასუხისათვის დავალებული სამუშაოს შესასრულებლად გადაცემული თანხა 21000 აშშ დოლარი არ გამოიყენა სრულად. სპეციალისტების გათვლებით გამოუყენებელი თანხა შეადგენს არანაკლებ 5200 აშშ დოლარს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დააბრუნოს მითითებული თანხა.
უ. ე-შვილმა შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით უ. ე-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ტ-ვას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უ. ე-შვილს დაეკისრა 125 აშშ დოლარისა და 91 ცენტის ეკვივალენტი ლარის გადახდა მ. ტ-ვას სასარგებლოდ შემდეგი საფუძვლებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მ. ტ-ვამ უ. ე-შვილისაგან შეიძინა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა, საცხოვრებელი ფართი 148.5 მ2, მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფ. .... უ. ე-შვილსა და მ. ტ-ვას შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად მ. ტ-ვას ხარჯით უ. ე-შვილს უნდა შეესრულებინა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, მოეწყო დახმარე ფართი ყველა სახის კეთილმოწყობით მ. ტ-ვას საკუთრებაში არსებულ ფართში, რისთვისაც უ. ე.შვილს უნდა მიეღო გასამრჯელო. უ. ე-შვილმა მ. ტ-ვასაგან მიიღო 16 000 აშშ დოლარი. უ. ე-შვილისათვის 21 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მ. ტ-ვამ ვერ წარადგინა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე უ. ე-შვილის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მ. ტ-ვასთან გასამრჯელოს სახით გასაწევი ხარჯების 20%-ისა და საშენი და სარემონტო მასალის ღირებულების 40%-ის ოდენობით შრომის დანახარჯისა და საშენი მასალის ტრანპორტირებისათვის ანაზღაურების შესახებ შეთანხმების არსებობას დაადასტურებდა. Mმ. ტ-ვას მიერ კი აღიარებული იქნა გასამრჯელოს სახით საერთო დანახარჯიდან მხოლოდ 15%-ის ანაზღაურებაზე შეთანხმების არსებობა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უ. ე-შვილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად უთითებდა მ. ტ-ვასთან შეთანხმების ფაქტზე და სწორედ მას ეკისრებოდა ამ ფაქტების დადასტურების ტვირთი.Mუ. ე-შვილი იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ მ. ტ-ვასთან არსებობდა შეთანხმება მისთვის გასაცემი გასამრჯელოს გასაწევი ხარჯების 20%-ის ოდენობით განსაზღვრისა და საშენი და სარემონტო მასალის ღირებულების 40%-ის შრომითი დანახარჯებისა და სარემონტო მასალების ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრის შესახებ შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით და მის მიერ ცალმხრივად შედგენილი გაანგარიშებების წარმოდგენით. უ. ე-შვილს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ უ. ე-შვილის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტები (მ. ტ-ვასთან მოსარჩელის მიერ მითითებული გასამრჯელოს ოდენობაზე თანხმობის არსებობა) და უ. ე-შვილისათვის 21 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება და უ. ე-შვილის მიერ ცალმხრივად შედგენილი გაანგარიშებების წარმოდგენა არ იყო სარწმუნო და საკმარისი. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2005 წლის გაზაფხულზე მ. ტ-ვასა და უ. ე-შვილს შორის ზეპირი ფორმით გარიგების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დავალების ხელშეკრულებასთან მიმართებით სასამართლომ იხელმძრვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 710-ე მუხლებით, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა ურთიერთ შემხვედრ ვალდებულებებს განსაზღვრავს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უ. ე-შვილსა და მ. ტ-ვას შორის დაიდო ზეპირი გარიგება იმის თაობაზე, რომ უ. ე-შვილს შეესრულებინა საამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მარწმუნებლის მ. ტ-ვას სახელითა და ხარჯზე. უ. ე-შვილს გასამრჯელოს სახით უნდა მიეღო გასაწევი ხარჯების 15%-ის ოდენობით ანაზღაურება. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის;Aამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად თუ რწმუნებული იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ე-შვილმა და მ. ტ-ვამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ტ-ვას და უ. ე-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ე-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლოებმა არასწორად გაიზიარეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით მ. ტ-ვასთან უ. ე-შვილის მიერ ჩატარებული რემონტის ღირებულებამ შეადგინა 25 536.60 ლარი. ექსპერტმა დასკვნაში მიუთითა ჩატარებული რემონტის ხარჯები საპროექტო დონეზე და არა საბაზრო ღირებულებით. ექსპერტმა ა.ნევსკიმ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2005 წლის აპრილ-ივნისის პერიოდის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის მონაცემები მათ არ გააჩნდათ. მ. ტ-ვამ სასამართლოში წარუდგინა აუდიტორიული დასკვნა, რომლის მიხედვით სარემონტო-სამშენებო მასალის ღირებულებამ შეადგინა 14 841 აშშ დოლარი. სარემონტო – სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 12 898 აშშ დოლარი, ამასთან აუდიტს განსაზღვრული არ აქვს საშენი და სარემონტო მასალების: ცემენტის, ქვიშის, ღორღის, მოზაიკური ფილების, სამღებრო მასალების, წყალგაყვანილობის, კანალიზაციის, ტრანსპორტირების ხარჯები. აუდიტის დასკვნის თანახმად, სარემონტო-სამშენებლო მასალისა და სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 27 379 აშშ დოლარი. აღნიშნული აუდიტის დასკვნის წარდგენით მ. ტ-ვამ ფაქტობრივად აღიარა, რომ მან შეასრულა 27 379 აშშ დოლარის სარემონტო სამუშაოები. მ. ტ-ვამ ასევე ნაწილობრივ აღიარა, რომ მას უნდა გადაეხადა რემონტის ჩატარებისათვის სარემონტო-სამშენებლო მასალისა და შესრულებული სამუშაოს ჯამური ღირებულების 15%, რაც, აუდიტის დასკვნის თანახმად, შეადგენს 2 738 აშშ დოლარს, ასეთ შემთხვევაშიც კი, მ. ტ-ვას მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 14117 აშშ დოლარი. მ. ტ-ვას წარუდგინა მისი ბინის რემონტისათვის შეძენილი სარემონტო-სამშენებლო მასალის ღირებულების, მუშების, ხელოსნებისა და ტრანსპორტირებისათვის გაწეული ხარჯთაღრიცხვა. არც აუდიტსა და არც მ. ტ-ვას სადავოდ არ გაუხდიათ საშენი და სარემონტო მასალის ღირებულებები და მუშებისა და ხელოსნებისათვის გასამრჯელოდ გადასახდელი თანხები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უშანგი ელერდაშვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უ. ე-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უ. ე-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.