საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №54აგ-20 თბილისი
დ–ი ჯ., 54აგ-20 8 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. დ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ჯ. დ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სახით. ჯ. დ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა - თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ჯ. დ–სათვის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვტილებით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. დ–ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ჯ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 სექტემბრიდან.
2. 2020 წლის 25 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ჯ. დ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენის გადასინჯვა შემდეგი საფუძვლით: გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 26 სექტემბერს, მას წინა - თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვტილებით მოხდილი ჰქონდა 2017 წლის 2 დეკემბერს და სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო წინა განაჩენით ნასამართლობა და მისთვის სასჯელი განაჩენთა ერთობლიობით არ უნდა განესაზღვრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. დ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. დ–მ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენის გადასინჯვასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ჯ. დ–ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ჯ. დ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით სასჯელი განესაზღვრა მასა და პროკურორს შორის დადებული და სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე. სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია ისეთი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ჯ. დ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. დ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე