Facebook Twitter

საქმე # 110100119002931624

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1001აპ-19 ქ. თბილისი

ჯ-ე ჯ, 1001აპ-19 1 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

1.1. ჯ. ჯ-ე მამასთან, რ. ჯ-ნ ერთად ცხოვრობს ქ. ზ-ი, მ-ს ქუჩის, მესამე ჩიხის N...-ში. 2019 წლის თებერვალში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს, ჯ. ჯ-ე იმყოფებოდა მამასთან, რ. ჯ-ნ ერთად ქ. ზ-ი, მ-ს ქუჩის, მ. ჩიხის N...-ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მოუხდათ შელაპარაკება. ჯ. ჯ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - რ. ჯ-ს, რის შემდეგაც აიღო ოთახში მდგარი სკამი და ესროლა რ. ჯ-ს, რაც მას მოხვდა ზურგის არეში. ჯ. ჯ-ს ძალადობრივი ქმედების შედეგად რ. ჯ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

1.2. ჯ. ჯ-ე მამასთან, რ. ჯ-ნ ერთად ცხოვრობს ქ.ზ-ი, მ-ს ქუჩის, მ. ჩიხის N...-ში. 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჯ. ჯ-ე მამასთან, რ. ჯ-ნ ერთად იმყოფებოდა ქ. ზ-ი, მ-ს ქუჩის, მ. ჩიხის N....-ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მოუხდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც ჯ. ჯ-ე სახლის დანგრევა-გადაწვითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ. ჯ-ს. აღნიშნული რ. ჯ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენით:

2.1. ჯ. ჯ-ე, - დაბადებული .... წლის .... მაისს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

2.2. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს კანონით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - პროკურორი კობა სირაძე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად მკაცრი სასჯელის დანიშვნას (პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით).

4.1. კასატორი უთითებს, რომ, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით რ. ჯ-ს გარეგნულად რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, მაგრამ მან ექსპერტთან განმარტა, რომ 2019 წლის 20 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა, ჯ. ჯ-მ. გამოძიების სტადიაზე მოწმე თ. ლ-მ განაცხადა, რომ 2019 წლის 26 თებერვალს, დილით, ნახა რ. ჯ-ე, რომელმაც უთხრა, რომ ღამე მის სახლში გაათია, თუმცა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მოწმე ზ. გ-ა მიუთითა, რომ გამომძიებელ ე. გ-ნ ერთად, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელსაც გადაუღო სურათები.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა რ. ჯ-მ არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ. ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს: ლ. ჯ-მ (დედამ) და დ. ჯ-ც (ძმამ). სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ. ჯ-ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. თავად ბრალდებულმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე აგრეთვე განაცხადა უარი.

8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა შინაარსით კი (მოწმეების: თ. ლ-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ. გ-ს ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი) უტყუარად არ დასტურდება ჯ. ჯ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის ფაქტი.

9. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე