საქმე # 180100119002882715
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№964აპ-19 29 მარტი, 2021 წელი
მ-ა ი, 964აპ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - დავით ყაზარაშვილის
მსჯავრდებულ - ი. მ-ას
მონაწილეობით განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით ი. მ--ა, - დაბადებული --- წლის ... იანვარს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, კერძოდ, ი. მ-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2013 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქალაქ დ-ი მდებარე შპს „ჯ--ს“ სამედიცინო ცენტრს სამშობიარო ტკივილებით მიმართა მოქალაქე დ. დ-ა, რომელიც მიიღო მორიგე ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა - ი. მ-ამ, რომელსაც დაეწერა პაციენტი, გახდა მასზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, დაევალა მისი სწორი და კვალიფიციური მკურნალობის ორგანიზება. იმავე დღეს, 17:30 საათზე, ი. მ--ამ ფიზიოლოგიურად ამშობიარა დ. დ-ი, რომელსაც შეეძინა მამრობითი სქესის ნაყოფი. მშობიარობიდან მცირე ხანში დ. დ–ს განუვითარდა სეფსისი, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გულგრილად მოეკიდა მეან-გინეკოლოგი და მისი მკურნალი ექიმი ი. მ-ა, რომელმაც დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, ასევე არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, რამაც გაართულა მისი მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხოლოდ 2013 წლის 29 იანვარს შპს „ჯ-ს“ სამედიცინო ცენტრიდან, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, დ. დ-ი გადაიყვანეს შპს „ჯ-ს“ მ-ს სამედიცინო ცენტრში, სადაც მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ოპერაცია საშვილოსნოს ამოკვეთის მიზნით და დაესვა სწორი დიაგნოზი - მწვავე სეფსისი. ვინაიდან ი. მ-ამ გამოიჩინა გულგრილობა, დროულად ვერ დაადგინა სწორი დიაგნოზი, არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ, 2013 წლის 30 იანვარს, 06:40 საათზე, დ. დ-ი გარდაიცვალა ფილტვის არტერიისა და ინტრაკარდიალური თრომბოემბოლიის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით.
2. აღნიშნული ქმედებისათვის ი. მ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.1. თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი;
2.2. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ი. მ--ას დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა - საექიმო საქმიანობის უფლება 3 წლით.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
3.1. ბრალდების მხარემ ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით პროკურორ დავით ყაზარაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – პროკურორი დავით ყაზარაშვილი უთითებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულის უფლებამონაცვლის (გარდაცვლილის დედის) პოზიცია, რომელმაც სასამართლოს უამბო მისი გულისტკივილის, ობლად დარჩენილი ბავშვის გაჭირვების შესახებ და ი. მ-ას მკაცრად დასჯა მოითხოვა. ამასთან, სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა ი. მ-ას პიროვნება და მის მიერ ჩადენილი ქმედებით დამდგარი შედეგი.
5.1. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. მ-ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა ი. მ-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი. მ-ს მიერ დ. დ-ის სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. მ-ასათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, სსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს სრულყოფილად უნდა შეაფასოს როგორც მსჯავრდებულის პიროვნება (დამნაშავის პირადი, ეკონომიკური პირობები, წარსული ცხოვრება, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ყოფაქცევა), ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მატერიალურ-სამართლებრივი საკითხები (მათ შორის: მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა, მართლსაწინააღმდეგო შედეგი). ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი თანაბრად პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ ყველა მიზანს, როგორც დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ისე - სამართლიანობის აღდგენას.
5. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ი. მ-ას მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე, ზომასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგზე.
6. წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ ი. მ--ა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო შპს ,,ჯ-ს“ სამედიცინო ცენტრის ექიმი მეან-გინეკოლოგი, ხოლო დ. დ-ი კი - მისი პაციენტი, რომელიც 2013 წლის 27 იანვარს ამშობიარა.
7. საკასაციო პალატა უთითებს, რომ ექიმის მოვალეობათა დარღვევის ხასიათს თავად ამ პროფესიით ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის სპეციფიკა განაპირობებს. ვინაიდან საექიმო საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან, შესაბამისად, ამ პროფესიის წარმომადგენლის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია. რაც შეეხება მოვალეობათა დარღვევის ზომასა და ხარისხს, მოცემულ შემთხვევაში ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს; მათ შორის შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული იმ პერიოდის ხანგრძლივობა, რა დროსაც ექიმს პაციენტის მკურნალობის, დიაგნოზის დასმის ვალდებულება გააჩნდა.
8. დ. დ-ი მშობიარობიდან (ე.ი. 2013 წლის 27 იანვარიდან) 2013 წლის 29 იანვრამდე შპს ,,ჯ-ს“ სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ი---- მ-ამ, როგორც მისმა მკურნალმა ექიმმა, დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა (დამატებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ როგორც ი. მ-ამ საკასაციო სასამართლო სხდომაზე განმარტა, მას დ. დ-ის ჩათვლით, სულ 2 პაციენტი ჰყავდა). 2018 წლის 17 ოქტომბრის N007120518 კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ-ს სამედიცინო ცენტრში ინფექციურ სეპტიური შოკის დიაგნოზი ვერ იქნა დასმული. ეჭვი ინფექციაზე არსებული კლინიკური ნიშნებითაც იყო შესაძლებელი. უნდა ჩატარებულიყო ინფექციონისტის კონსულტაცია. გამოკვლევის შედეგები მიუთითებს მწვავე ინფექციასა და ინფექციურ-ტოქსიკური შოკის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიის ადრე დაწყება გაზრდიდა პაციენტის გადარჩენის შანსს. დ-ს სამედიცინო ცენტრში მშობიარობიდან 33 საათის განმავლობაში არავითარი სიმპტომოკომპლექსის შეფასება არ მომხდარა. დ-ს სამედიცინო ცენტრიდან დ. დ-ი დროულად გადაყვანას საჭიროებდა. რაც შეეხება მ-ს კლინიკას (სადაც დ. დ-ი დ-დან 2013 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს), აქ მას დროულად დაესვა დიაგნოზი და ასევე დროულად ჩაუტარდა ოპერაცია.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი დ. დ-–ი იყო არასრულწლოვანი, კერძოდ, 16 წლის (შპს ,,ჯ-ს“ დ--სა და მ-ს სამედიცინო ცენტრებში, პაციენტ დ. დ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციის თანახმად, იგი მიეკუთვნებოდა მაღალი რისკის ჯგუფს).
10. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო შედეგს, 2018 წლის 17 ოქტომბრის N007120518 კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დ. დ-ის სიკვდილის მიზეზია: გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა განვითარებული ფილტვის არტერიისა და ინტრაკარდიალური თრომბოემბოლიით. დროულად და სწორად რომ მომხდარიყო დ. დ-ის მდგომარეობის შეფასება, დროულად, სწორად, სრულად რომ ჩატარებულიყო მკურნალობა, გაიზრდებოდა მისი გადარჩენის შანსი.
11. ამდენად, ი. მ-ას მოვალეობათა დარღვევის ზომამ (მათ შორის: დ-ს სამედიცინო ცენტრში დ. დ–ის ყოფნის პერიოდში არ გაკეთდა საჭირო ანალიზები, არ ჩატარებულა ინფექციონისტის კონსულტაცია, ანტიბიოტიკოთერაპია ადრე არ დაიწყო) განსაზღვრა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ, არასრულწლოვანი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
12. როგორც აღინიშნა, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მატერიალურ-სამართლებრივ საკითხებთან ერთად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნებასაც. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ამ მხრივ, უზენაესი სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ი. მ-ას პირად მდგომარეობას და დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ყოფაქცევას.
13. პირად მდგომარეობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ ი. მ-ას ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი.
14. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევას, აღსანიშნავია, რომ ი. მ-ამ აღიარა და მოინანია დანაშაული. ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა განმარტა, დ. დ-ის ბავშვის მიმართ ყურადღებას იჩენდა, თუმცა ყურადღებაში გულისხმობს არა რაიმე განსაკუთრებულს, არამედ ადამიანურ თანაგრძნობას. ბავშვის ბებიასთან (მამის დედასთან) მას ნორმალური ურთიერთობა აქვს; დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან რამდენჯერმე სცადა კონტაქტი, რაზედაც მისგან სასტიკი უარი მიიღო.
15. ამდენად, მართალია, მსჯავრდებულის პიროვნებასთან მიმართებით არსებობს გარკვეული სახის შემამსუბუქებელი გარემოებები, მაგრამ ისინი სრულად ვერ გადაწონის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მოვალეობათა დარღვევის მოცულობას, ზომასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ი. მ-ას მიერ დანაშაულის აღიარებას, მონანიებას, მცირეწლოვანი შვილის ყოლის ფაქტს მხედველობაში იღებს თავისუფლების აღკვეთის კონკრეტული ზომის შერჩევისა და მისი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის.
16. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა საკასაციო პალატას მიაჩნია სამართლიანად, ვინაიდან მსჯავრდებულმა ი. მ-ამ სწორედ საექიმო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ჩაიდინა პიროვნების გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 წლით თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობით ჩათვლა, დამატებით სასჯელთან (საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან) ერთად, იქნება სამართლიანი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ დავით ყაზარაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ი. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
4. მსჯავრდებულ ი. მ-ას სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
5. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ი. მ--ას დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას - საექიმო საქმიანობის უფლება 3 წლით.
6. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე