Facebook Twitter

საქმე # 330100117001812373

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №997აპ-19 ქ. თბილისი

გ-ი გ 997აპ-19 1 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენით გ. გ-ი, - დაბადებული .... წლის .... იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 1 000 ლარი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

3.1. 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთი მხრივ, სს "მ-ა,“ ხოლო, მეორე მხრივ, მსესხებელ გ. გ-ა და დამგირავებელ ფ. გ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 19 000 აშშ დოლარზე და სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ფ. გ-ს საკუთრებაში არსებული „მერსედეს ბენცის“ მარკის „S 350“ - მოდელის ავტომანქანა. გ. გ-ა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2016 წლის 16 იანვარს სსიპ „საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ“ გასცა გირავნობის მოწმობა და 2016 წლის 22 იანვარს, აღმასრულებელმა ზ. ფ-ა განახორციელა ავტომანქანის გამოთხოვა და გადაყვანა სსიპ „112“-ის ავტოსადგომზე, რის შემდეგაც მანქანა ჩაჰბარდა სს "მ-ს" და განთავსდა თ-ი, გ-ს ქუჩის N...-ის ეზოში მდებარე დაცულ ავტოსადგომზე. 2016 წლის 26 თებერვალს გ. გ-ი, მიუხედავად მისთვის ცნობილი გარემოებისა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისას კომპანია სს "მ-ს" გააჩნდა გირავნობით დატვირთული ნივთის საკუთარ სახელზე გადაფორმებისა და შემდგომ სესხის უზრუნველსაყოფად გასხვისების უფლება, სამართლებრივად დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, სს ,,მ-ს" სარგებლობაში არსებული, თ-ი, გ-ს ქუჩის N...-ის ეზოში მდებარე დაცული ავტოსადგომიდან თვითნებურად დაეუფლა კომპანიის მიერ, 47194.1 ლარის (19 000 აშშ დოლარის) სესხის უზრუნველსაყოფად აღმასრულებლის მეშვეობით ამოღებულ ავტომანქანას, რითაც სს "მ-ს" ხელი შეუშალა მართლზომიერი უფლების განხორციელებაში და შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

4. კასატორი - ადვოკატი ლ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. ადვოკატის მითითებით, როგორც გამოძიების დროს, ისე სასამართლო განხილვის სტადიაზე ,,ს-ს“ სასარგებლოდ მიკერძოებული მოწმეების ურთიერთგამომრიცხავ და წინააღმდეგობრივ, ცრუ ჩვენებებს შორის იყო არსებითი წინააღმდეგობა. მოსამართლეს არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებისთვის, რომ სხვა მოწმეები და თავად ნ-ც კი სხვაგვარად აღწერენ ავტომანქანის ავტოსადგომიდან თითქოს გაყვანასა და ავტომანქანის ავტოსადგომზე ყოფნას. ყურადსაღებია ისიც, რომ მოსამართლემ არ შეაფასა და განაჩენში არ ასახა მოწმე რ. ნ-ს ჩვენების ის ნაწილი, რომლითაც გაირკვა და დადგინდა, რომ რ. ნ-ი არის აშკარად მიკერძოებული, ფაქტობრივად კი - მოსყიდული ე.წ. „სტაიანშიკი,“ რომლის მეშვეობითაც სურთ გ. გ-ს დადანაშაულება თვითნებობაში. რ. ნ-ს აქვს ღამის სკოლის 8 კლასის განათლება, რუსულ ენაზე და ის გამოკითხული და დაკითხულია თარჯიმნისა და ადვოკატის გარეშე. სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით დაკითხულმა პირებმა ვერ გასცეს პასუხი დაცვის მხარის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვაზე, თუ სად იყო 26.01.2016 წელს მიღება–ჩაბარების ოქმით ,,ს-ე“ გადაცემული ავტომანქანა 26.02.2016 წლამდე.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით, ელექტრონული წერილით, გირავნობის მოწმობით, სააღსრულებო მოქმედების განხორციელების ოქმით (22.01.2016), მოწმეების - ბ. შ-ს, რ. ნ-ს, გ. ს-ს, ზ. ფ-ს ჩვენებებით) უტყუარად დასტურდება გ. გ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითნებობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

9. დაცვის მხარის არგუმენტებს, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობაზე, რ. ნ-ს თარჯიმნის საჭიროებისა და სადავო ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა, რასაც საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება და იზიარებს.

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი