საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2აგ-21 თბილისი
ქ-ი ბ-ნ, 2აგ-21 29 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბ. ქ-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ბ. ქ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 აპრილიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 25 თებერვლის განაჩენზე.
4. 2021 წლის 3 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ. ქ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისს განხორციელებულ ცვლილებასთან (რომელიც ამოქმედდა 2015 წლის 31 ივლისიდან), რათა მასზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ქ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ქ-მა, რომელიც ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საქმის მასალებით გაირკვა, რომ ბ. ქ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებით მსჯავრდებულ ბ. ქ-ის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და, შესაბამისად, მის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისივე შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ქ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე