Facebook Twitter

საქმე # 330141221004270669

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1211-21 1 მარტი , 2021 წელი

ს–ი დ., 1211-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამრთლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით -თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

- საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. ს–ი დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. ს–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. ს–ი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.

დ. ს–ი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2018 წლის 17 მარტიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, შევიდა მსჯავრდებულ დ. ს–ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. 2021 წლის 9 თებერვალს მსჯავრდებულმა დ. ს–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, ვინაიდან ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ დ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, სავალდებულოა ორი პირობის ერთდროულად არსებობა: ნასამართლობის არქონა და სსკ-ის 260-ე მუხლი მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით მსჯავრდება (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა).

4. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენის გამოტანისას, დ. ს–ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე ვერ გავრცელდებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება.

5. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მკაფიოდ ადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რომლებზედაც სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა, გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

6. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დ. ს–ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. მას სასჯელი დაენიშნა სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომელზეც მითითება არ არის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონში. შესაბამისად, სასამართლო სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას, დანიშნულ სასჯელზე გაევრცელებინა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. ვინაიდან დ. ს–ი საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ (აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა გავლენა იქონია დ. ს–სთვის განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე).

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.

9. ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ს–ი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა რეალურად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

10. როგორც წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენის გამოტანისას დ. ს–ი ითვლებოდა ნასამართლობის მქონე პირად. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას დ. ს–ი იყო ნასამართლევი, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, ხსენებულ მუხლზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ 2015 წლის 14 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების შესახებ.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 მაისის განაჩენით დ. ს–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებდა 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე (მძიმე კატეგორიის დანაშაული).

14. სასამართლო განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მოქმედ რედაქციაზე, ხოლო დ. ს–ი ნასამართლევია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დიდი ოდენობით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეზენა და შენახვა, 2013 წელს მოქმედი რედაქცია), რაც არ არის შესაბამისობაში მოყვანილი დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმასთან. ამდენად, ვიდრე ზემოაღნიშნული მუხლი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესის თანახმად, შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან (სსკ-ის მოქმედ რედაქციასთან), საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები N4I-15; 71-21).

15. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ს–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე