ას-629-590-2011 28 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს “ე. ჯ-ა” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ტ-” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ტ-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე. ჯ-ის” მიმართ და მოითხოვა სს “ე. ჯ-ის” მიერ 2010 წლის 3 აპრილს შედგენილი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების ¹007028 აქტის და მის საფუძველზე 2010 წლის 15 აპრილს მოსარჩელის სახელზე განხორციელებული დარიცხვის აქტის ¹ას/323-ის ბათილად ცნობა, შემდეგი დასაბუთებით: შპს "ტ-" არის მოპასუხის ¹3410104721 აბონენტი და იგი მოპასუხის სამხრეთ- საქართველოს ფილიალისაგან მიწოდებულ ელექტროენერგიას აღრიცხავს ¹61219 ელექტროენერგიის მრიცხველით, რომელიც მოპასუხემ 2010 წლის აპრილში დაამონტაჟა. 2010 წლის 15 მარტს წერილობით მიმართა აღდგენის სერვისულ ცენტრს 2010 წლის 1 მარტს აღებული მრიცხველის წაკითხვის სისწორესთან დაკავშირებით რეაგირებისათვის. ელექტროენერგიის აღრიცხვის მრიცხველის ჩვენება 2010 წლის 15 მარტისათვის იყო 937 კვ.სთ. 2010 წლის 3 აპრილს მოპასუხემ მისი დასწრების გარეშე თვითნებურად შეამოწმა აღრიცხვის კვანძი და ელექტროენეგრიის მრიცხველი, ახსნა ლუქები და აღმოაჩინა აღრიცხვის კვანძში გაუმართაობა, რის გამოც მოგვიანებით შეადგინა იმავე დღით დათარიღებული ¹007028 აქტი. მოგვიანებით, როდესაც აქტი ხელმოსაწერად წარუდგინეს დირექტორს, შპს ,,ტ-ს” დირექტორმა არ მოაწერა ხელი, ვინაიდან, არც თვითონ და არც მისი წარმომადგენელი ესწრებოდა ელექტროკვანძზე ლუქების ახსნასა და შემოწმებას, შემდეგ გასაჩივრებული აქტები მოპასუხემ დაზღვეული წერილით გადაუგზავნა, რომლის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა დირექტორმა. მოსარჩელე ორგანიზაციას 2010 წლის 15 აპრილს, მოპასუხის მიერ 2010 წლის 3 აპრილს შედგენილი ¹323 აქტის საფუძველზე, დამატებით დაერიცხა 1423.27 ლარის ღირებულების კილოვატები. 2010 წლის 10 აპრილს ელექტროაღრიცხვის კვანძი განმეორებით შეამოწმა, რა დროსაც აქტის შედგენით დადგინდა, რომ ელექტრონერგიის მრიცხველი მუშაობს გამართულად. არასწორი ჩვენებით მიწერილი კილოვატსაათები და დამატებით დარიცხული კილოვატსაათების ღირებულება მოსარჩელემ გადაიხადა ქვითარში მითითებული ვადის დაცვით, ვინაიდან გადაუხდელობის შემთხვევაში გაეთიშებოდა ელექტროენერგიის მიწოდება და გაჩერდებოდა მისი საცხობის მუშაობა. 2010 წლის 3 აპრილს შემოწმებისას ელექტროკვანძი გამართულად მუშაობდა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხე მოსარჩელეს აწვდიდა ელექტროენერგიას 2007 წლის 12 ივნისიდან და მოსარჩელე წარმოადგენდა მოპასუხის აბონენტს. მოპასუხეს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი, რის გამოც მოსარჩელესთან გაფორმებულია ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელისათვის მიწოდებული ელექტროენერგია აღირიცხება ინდივიდუალური მრიცხველით. მოპასუხემ აღიარა, რომ 2010 წლის 1-ლ მარტს ელექტროენერგიის მრიცხველიდან ჩვენება ამოწერეს შეცდომით, რაც გასწორდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მომდევნო თვის სწორი ჩვენების მიხედვით, რის გამოც მოსარჩელემ მომდევნო თვეში გადაიხადა იმაზე ნაკლები, ვიდრე მოიხმარა. მოსარჩელის წარმომადგენელი ესწრებოდა გასაჩივრებული 2010 წლის 3 აპრილს ელექტროკვანძის არაგეგმიურ შემოწმებას და შემოწმებისთანავე შედგენი აქტს, მაგრამ დირექტორის წარმომადგენელმა და დირექტორმა უარი განაცხადეს აქტზე ხელის მოწერაზე, რის გამოც გასაჩივრებული აქტები გაეგზავნათ დაზღვეული წერილით, რაც არ ჩაუბარებია. აქტით გამოვლინდა ელკვანძის გაუმართაობა, კერძოდ, მომჭერისA დაჟანგვა და კონტაქტის არასებობა, რის გამოც მრიცხველი აღრიცხავდა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე მოსარჩელე მოიხმარდა. ¹007028 აქტის საფუძველზე 2010 წლის 15 აპრილს მოსარჩელეს დამატებით დაერიცხა 1423.27 ლარის მოხმარებული და მრიცხველის მიერ აღურიცხავი ელექტროენერგიის გადასახდის გადახდა სემეკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2010 წლის 10 აპრილს განხორციელდა მოსარჩელის ელექტროაღრიცხვის კვანძის განმეორებითი არაგეგმიური შემოწმება გაუმართაობის საბოლოოდ აღმოფხვრისათვის, რა დროსაც გასწორდა გაუმართაობა და დადგინდა კვანძის გამართული მუშაობა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს “ტ-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ-მ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სპს “ტ-ს” სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სს “ე. ჯ-ის” 2010 წლის 3 აპრილის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების ¹007028 აქტი და მის საფუძველზე 2010 წლის 15 აპრილს შედგენილი ¹ს/323 დარიცხვის აქტი; შპს “ტ-” გათავისუფლდა ამ აქტის საფუძველზე დარიცხული 1423,27 ლარის გადახდისაგან.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს “ტ-” 2007 წლის 12 ივნისიდან წარმოადგენდა სს “ე. ჯ-ის” ¹3410104721 აბონენტს, რომელსაც ელექტროენერგიით ამარაგებდა სს “ე. ჯ-ის” სამხრეთ- საქართველოს ფილიალის სერვისცენტრი. შპს “ტ-ს" 2009 წლის აპრილიდან ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის მოპასუხემ დაამონტაჟა ინდივიდუალური მრიცხველი ¹612129. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბერის ¹20 დადგენილების ამოქმედებიდან მხარეებს შორის დაიდო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში" მითითებული პირობებით. მოსარჩელეს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მიწოდებული ელექტროენერგიის გადახდის მოთხოვნით. შპს “ტ-ს” დირექტორმა, ლ. თ-შვილმა 2010 წლის 15 მარტს წერილით მიმართა სს “ე. ჯ-ას” და მიუთითა, რომ მიღებული ქვითრის ჩვენება არ შეესაბამებოდა მრიცხველზე დაფიქსირებულ ჩვენებას, შესაბამისად, მან მოითხოვა ჩვენების გადამოწმება და შესაბამისი ზომების მიღება. 2010 წლის 1-ლ მარტს მოსარჩელის მრიცხველის ჩვენება შეცდომით ამოიწერეს, რაც მომდევნო თვეს რეალური ჩვენების მიხედვით გასწორდა, ანგარიშსწორება განხორციელდა ბუღალტრულად. 2010 წლის 3 აპრილს სს “ე. ჯ-ის” თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ იქნა შპს “ტ-ს” არაგეგმიური შემოწმება, რომლის შედეგად შედგა აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტი ¹007028. მოსარჩელემ არ ჩაიბარა მითითებული აქტი და იგი მას გაეგზავნა შეკვეთილი წერილით, რაც ასევე მიიღო მოსარჩელემ. აქტში არ იყო ასახული შემოწმებული ობიექტის წარმომადგენელის თაობაზე, რომელიც ესწრებოდა აქტის შედგენას, ასევე არ იყო მითითება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნა ხელმოწერილი სადავო აქტი ობიექტის წარმომადგენლის მიერ. 2010 წლის 10 აპრილს მოსარჩელის ელექტროაღრიცხვის კვანძი განმეორებით შემოწმდა, რა დროსაც აქტის შედგენით დადგინდა, რომ ელექტროენერგიის აღმრიცხველი მრიცხველი მუშაობდა გამართულად. 2010 წლის 3 აპრილს აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების ¹007028 აქტის საფუძველზე 2010 წლის 15 აპრილს მოპასუხის მიერ შედგენილ იქნა მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი ¹ს/323, რომლითაც შპს “ტ-ს” დაერიცხა აღურიცხავი ელექტროენერგიის ღირებულება, სემეკის მიერ დადგენილი გაანგარიშების შესაბამისად, 1423,27 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ 2010 წლის 3 აპრილს სს “ე. ჯ-ის" თანამშრომლებმა შპს “ტ-ს" წარმომადგენლების დასწრების გარეშე ჩაატარეს აღრიცხვის კვანძის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმება და იმავე დღით დათარიღებული გასაჩივრებული აქტი ხელმოსაწერად წარედგინა დირექტორს, საწარმოს დირექტორმა ლ. თ-შვილმა უარი განაცხადა მოგვიანებით წარდგენილი აქტის ხელმოწერაზე, იმ მოტივით, რომ არც თვითონ და არც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ ელექტროკვანძზე ლუქების ახსნისა და შემოწმების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ არ გაიზიარა, მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ აქტის შედგენას ესწრებოდა შპს “ტ-ს” წარმომადგენელი ვინმე ს. ბ-შვილი და მისი დირექტორი ლ. თ-შვილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 3 აპრილის აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტით, სადავო აქტის შემდგენი პირის, კომპანიის წარმომადგენელ ბ. დ-ძის ჩვენებით, უდავოდაა დადასტურებული ის გარემოება, რომ შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლის სახელი და გვარი აქტში მას არ მიუთითებია; ამავე აქტში არ არის მითითებული ობიექტის _ შპს “ტ-ს” წარმომადგენლის მხრიდან აქტზე ხელმოუწერლობის მიზეზზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ¹20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-9 ნაწილების, 11-ე მუხლის 1-3-ე პუნქტების, 17-ე მუხლის 12-ე პუნქტის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, სს “ე. ჯ-ის” თანამშრომელთა მიერ აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტის შედგენისას დარღვეულ იქნა აქტის შედგენის სავალდებულო წესების მოთხოვნები. სს “ე. ჯ-ის” თანამშრომელთა მოვალეობას წარმოადგენდა ის, რომ მათ ზუსტად უნდა სცოდნოდათ აქტის შედგენის პროცედურა _ აღრიცხვის კვანძის შემოწმების პროცესში მონაწილე ობიექტის წარმომადგენლის მონაცემების, ვინაობისა და თანამდებობების მითითებისა და აქტზე ხელმოწერის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება განხორციელდა მომხმარებლის 2010 წლის 15 მარტის წერილის საფუძველზე. სს “ე. ჯ-ა” ვალდებული იყო, მოთხოვნისთანავე ეცნობებინა შპს “ტ-სათვის” დაგეგმილი შემოწმების შესახებ, რაც არ განახორციელა, ასევე უნდა შეემოწმებინა და აქტი შეედგინა აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენლის თანდასწრებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რადგან ერთი მათგანი აღნიშნავდა, რომ შემოწმებას ესწრებოდა ს. ბ-შვილი, ხოლო მეორე კი, მიუთითებდა სტეფანე ბ-შვილზე, შესაბამისად, ირკვევა, რომ, მათი მხრიდან ამ პიროვნების იდენტიფიკაცია არ განხორციელებულა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ურთიერთობა თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს რა სახელშეკრულებო-სამართლებრივ ურთიერთობას, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარე დაამტკიცებს ნაკისრი ვალდებულების დარღვევის არსებობას. სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის ზეპირი ახსნა განმარტება იმის თაობაზე, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ შემოწმებას, თუმცა აქტის ხელმოწერაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოებაც და მრიცხველის გაუმართაობის ფაქტიც დასტურდება მხოლოდ სს “ე. ჯ-ის” წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი აქტით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “ე. ჯ-ის” წარმომადგენლის მოსაზრება, რომ აქტი ხელმოწერილია სს “ე. ჯ-ის” რამდენიმე თანამშრომლის მიერ, ხოლო მომხმარებლის წარმომადგენელმა უარი განაცხადა აქტის ხელმოწერაზე, ვინაიდან, ასეთი პირის მონაწილეობა და მის მიერ აქტის ხელმოწერაზე უარის განცხადება, არ არის ასახული სადავო აქტში და აღნიშნულის დადასტურება მხარემ სარწმუნოდ ვერ შესძლო. მოცემულ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს სს ე. ჯ-ა”, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და იგი ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები, ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, რომელიც მეორე მხარისათვის წარმოადგენს საარსებო მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას. სს “ე. ჯ-ა” რიგ საკითხებში შეზღუდულია და მოქმედებს რა სახელმწიფო ორგანოს მიერ განსაზღვრული წესებით იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს და თავისი საქმიანობა დააფუძნოს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე მომხმარებელთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულება ნათლადაა გამოკვეთილი აღრიცხვის კვანძის შემოწმება-მიღების აქტის შედგენისას მომხმარებლის მონაწილეობაში. ამ უკანასკნელის მიერ მონაწილეობაზე ან აქტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიამ უნდა იმოქმედოს შესაბამისი წესებით გათვალისწინებული პროცედურით და მის შესაბამისად ასახოს აღნიშნული გარემოებები აქტში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით არ დგინდებოდა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევა.
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესის" მე-17 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 3 აპრილის აქტი მომზადებულ იქნა მითითებული დადგენილების მოთხოვნების არსებითი დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია, ასევე, ბათილია 2010 წლის 15 აპრილს შედგენილი მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტი ¹ს/323, რომლითაც შპს “ტ-ს” დაერიცხა აღურიცხავი ელექტროენერგიის გადასახადი 1423,27 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ-ამ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: 2010 წლის 3 აპრილს შპს „ტ-ს“ მრიცხველის შემოწმებას ესწრებოდა აბონენტის წარმომადგენელი. მითითებული გარემოება დასტურდება, არა მარტო მოწმეთა ჩვენებებით, არამედ თვით შპს „ტ-ს“ დირექტორის ახსნა-განმარტებითაც. შემოწმებისას დროგამოშვებით იქვე იმყოფებოდა შპს „ტ-ს“ დირექტორი ლ. თ-შვილიც, რაც არაერთხელ თავად აღნიშნა სასამართლო სხდომაზე. იგივე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. შემოწმების შემდეგ კი, უარი განაცხადა აქტის ხელმოწერაზე. სააპელაციო სასამართლო საფუძვლიანად არ გასცნობია საქმის მასალებს და ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მითითებული არასწორი ინფორმაციით. შპს „ტ-ს“ დირექტორმა 15 მარტის განცხადებით ითხოვა მრიცხველის ჩვენების და არა მრიცხველის მუშაობის სიზუსტის შემოწმება, როგორც ეს მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა მეორე დღესვე, 16 მარტს, რასაც ადასტურებს ამავე ცენტრის უბნის უფროსის - ბ. წ-ძის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენების აღების დროს ტექნიკოსმა ნ. ო-შვილმა დაუშვა მექანიკური შეცდომა და არასწორად ჩაიწერა მრიცხველის ჩვენება, ასევე თავად ნ. ო-შვილი მოხსენებით ბარათში აღიარებს, რომ ჩვენების აღებისას დაუშვა მექანიკური შეცდომა და 924 ნაცვლად, დააფიქსირა 944. ეს შეცდომა გამოსწორდა მომდევნო თვეში უშეცდომოდ აღებული ჩვენებით და, შესაბამისად, გასწორდა აბონენტის ანგარიში, თანახმად სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა, რადგან აბონენტს 2010 წლის 15 მარტს უკვე გადახდილი ჰქონდა, თებერვალში მოხმარებული და შეცდომით აღებული ჩვენების გამო, გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური, რის გამოც ვერ მოხერხდა აბონენტის ანგარიშის დაუყოვნებლივ ჩასწორება. სასამართლომ გააიგივა მრიცხველის ჩვენებისა და მრიცხველის მუშაობის შემოწმება და ყურადღება არ მიაქცია იმ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ენერგოკომპანიამ მოსარჩელის 15 მარტის წერილზე რეაგირება მოახდინა სემეკის დადგენილებით გათვალისწინებულ 5 -დღიან ვადაში. ენერგოკომპანიის მიერ აბონენტის მრიცხველის შემოწმება 3 აპრილს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ქსელში დაფიქსირდა ელექტროენერგიის კარგვა და აუცილებელი გახდა საბალანსო მრიცხველზე მიერთებული ყველა აბონენტის აღრიცხვის კვანძის შემოწმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე. ჯ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების არარსებობის აღიარება და მტკიცების ტვირთის განაწილება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს “ე. ჯ-ას” დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 11 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სს “ე. ჯ-ის” დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 11 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.