საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №128I -21 თბილისი
გ-ა ჯ-ი, 128I -21 2 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. გ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. გ-ას პირადი საქმე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. გ-ას, - - მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. გ-ამ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ ჯ. გ-ას მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ნასამართლევი ჯ. გ-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, კერძოდ: მან ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩაიდინა არაერთგზის (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ჯ. გ-ას მიერ საჩივარში მითითებულ ინფორმაციას, რომ ჰყავს მარტოხელა დედა და მცირეწლოვანი შვილი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.
4. ამდენად, მსჯავრდებულ ჯ. გ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ. გ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. გ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე