Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №129I -21 თბილისი

თ-ა მ-ლ, 129I -21 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. თ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თ-ის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. თ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მ. თ-ა, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ. თ-ას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 4000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. თ-ას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი. მ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 12 სექტემბრიდან.

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ას თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა 2 წლით, 11 თვითა და 1 დღით შინაპატიმრობით და დაეკისრა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული მ. თ-ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ¼-ით შეუმცირდა ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლითა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც განჩინების მიღების დროს მოხდილი ჰქონდა და გათავისუფლდა შინაპატიმრობისგან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. თ-ამ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 4000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. თ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. თ-ას ჯარიმა - 4000 ლარი დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განაჩენით), რომელიც საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 4000 ლარის გადახდისაგან, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე დამატებული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 დეკემბრის განაჩენს.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. თ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. თ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული მ. თ-ა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდისაგან;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე