საქმე # 330141221004287698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1311-21 9 მარტი, 2021 წელი
ბ. გ., 1311-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ.ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით.
გ. ბ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ახლად დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით.
საბოლოოდ გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 საათით.
გ. ბ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 10 აპრილიდან - იმავე წლის 13 აპრილის ჩათვლით.
გ. ბ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გ. ბ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით; 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ბ-ს სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით გ. ბ.ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით გ. ბ.ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სრულად დაემატა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 267 საათით და საბოლოოდ გ. ბ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 267 საათით.
გ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2017 წლის 28 სექტემბრიდან.
გ. ბ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. ბ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი და აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 7 ნოემბრის პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2019 წლის 10 მაისიდან.
გ. ბ-ს შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენი გ. ბ.ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. ბ.ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ბ.ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, კერძოდ:
მსჯავრდებული გ. ბ. გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან.
გ. ბ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 10 მაისიდან.
გ. ბ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. მსჯავრდებული გ. ბ. საჩივრით ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, რადგან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში დაუშვა ტექნიკური შეცდომა, ვინაიდან მისთვის უნდა გაენახევრებინა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით - განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი, რაც სსკ-ის 260-ე მუხლის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით წარმოადგენდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ბ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის გამოყენებით კანონიერად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელისგან. მას ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებით კანონიერად გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს უშუალოდ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე. იმავე განაჩენით გ. ბ.ს მიმართ 273-ე მუხლით შეფარდებულ სასჯელზე - 160 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე - ვერ გავრცელდებოდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, რადგან როგორც წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ: სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის N 2/50026 წერილით ირკვევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დაკისრებული სასჯელის მოხდა გ. ბ-მ დაასრულა 2019 წლის 10 მაისს.
5. ამასთან, ვინაიდან გ. ბ. სრულად გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან, მას საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით განახევრებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლაც დაეწყო 2019 წლის 10 მაისიდან. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. ბ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელიდან პენიტენციურ დაწესებულებაში რეალურად მოხდილი ჰქონდა 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, რომელიც მას ასევე უნდა ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
6. გარდა ამისა, გ. ბ-ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ვინაიდან მითითებული დანაშაულის ჩადენის დროს გ. ბ. ითვლებოდა ნასამართლობის არმქონე პირად. ამდენად, ამ განაჩენით მას სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ასევე უნდა გაუნახევრდეს გამოსაცდელი ვადა, რაც განახევრების მერე ასევე შეადგენს 2 წელსა და 6 თვეს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სასჯელის შემცირება გავლენას ვერ მოახდენს გ. ბ.სათვის განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით განსაზრული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი, განაჩენთა ერთობლიობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დადგენილ სასჯელთან ერთად - საბოლოოდ შთანთქმული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენს. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით განსაზღვრულ დამატებით სასჯელს - 350 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, როგორც ზემოთაც აღინიშნა, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ: სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის N 2/50026 წერილით ირკვევა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დაკისრებული სასჯელის მოხდა გ. ბ-მ დაასრულა 2019 წლის 10 მაისს.
7. გ. ბ. ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით. მოცემულ შემთხვევაშიც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან გათავისუფლება გავლენას ვერ მოახდენს გ. ბ.სათვის განსაზღვრულ საბოლოო სასჯელზე, ვინაიდან ამ განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებულ უფრო მძიმე სასჯელს შთანთქმული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით შეფარდებული ნაკლებად მძიმე სასჯელი) შეფარდებული სასჯელი საბოლოოდ შთანთქმული ჰქონდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენს. მასვე უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ.ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ. ბ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით და 5 წლით გამოსაცდელი ვადა და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 წლითა და 6 თვით გამოსაცდელი ვადით (აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დადგენილ სასჯელთან ერთად, საბოლოოდ შთანთქა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენმა);
4. გ. ბ. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით (ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენმა). მასვე აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა);
5. მსჯავრდებულ გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 10 მაისიდან. გ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 28 სექტემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი