საქმე # 330141221004283891
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1331-21 19 მარტი, 2021 წელი
ა. კ. , 1331-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ა.ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება კ. ა-სა და პროკურორს შორის: კ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 4 წლით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით; 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 3 წლითა და 6 თვით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 15 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 5 წელი - ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; კ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 17 თებერვლიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით კ. ა-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით კ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, საიდანაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 (ოთხი) წელი ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლით გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი. კ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 13 იანვრიდან.
4. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ კ. ა.ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ა.ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
6. მსჯავრდებული კ. ა. საჩივრით ითხოვს მის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას იმ საფუძვლით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით იგი უკანონო მსჯავრდებულია და სინამდვილეში მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, რისი გათვალისწინებითაც, ნასამართლობის არმქონედ უნდა ითვლებოდეს. ამასთან, დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ. ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი რაიმე სახის შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ხოლო ვინაიდან კ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანაშაულთა ერთობლიობით, განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი, მის მიმართ კანონიერად არ გავრცელდა მითითებული კანონის მოქმედება.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი რაიმე სახის შეღავათს არ ითვალისწინებს ასევე კ. ა.ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით მსჯავრად შერაცხულ ქმედებებზე, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა (ხუთი ეპიზოდი) და სსკ-ის 363-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამი ეპიზოდი). რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით კ. ა.სათვის საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებულ სასჯელს ჯარიმას - 500 ლარს, როგორც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 15 მარტის მომართვით ირკვევა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე კ. ა. გათავისუფლდა სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმისგან, სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა.
5. რაც შეეხება მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 3 სექტემბრის განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულები არ ჩაუდენია და, ამდენად, უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონე პირად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხზე.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ კ. ა.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი