საქმე # 200140021004289572
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1351-21 5 მარტი , 2021 წელი
ა–ი გ., 1351-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა–ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ივნისის, 1 ივლისის და 2 ივლისის ეპიზოდები) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - 4 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 7 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 27 ივნისისა და 1 ივლისის ეპიზოდები) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ნაწილი - 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი და 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნა გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. გ. ა–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 1 აგვისტოდან.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 17 მარტიდან.
3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ა–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა–ის მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
6. მსჯავრდებულმა გ. ა–მ საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
7. მსჯავრდებულ გ. ა–ის მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 5 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. ა–ი თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის მქონე.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
5. საქმის მასალების თანახმად, გ. ა–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამ დანაშაულების ჩადენისას იყო ასევე ნასამართლობის მქონე. ამდენად, მასზე „ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ა–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე