საქმე # 020141221004291646
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1361-21 1 მარტი, 2021 წელი
რ–ა რ., 1361-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. რ–ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით რ. რ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა მთვრალ მდგომარეობაში, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასევე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - სამეგრელო-ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. რ–ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი. რ. რ–ამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განაჩენით მის მიმართ შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში. სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 10 ივნისიდან. ამჟამად სასჯელს იხდის #.. პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
3. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. რ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. რ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. რ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საქმის მასალების თანახმად, დაზარალებულმა რ. ჭ–მ 2021 წლის 4 თებერვალს წარმოადგინა თანხმობა, რომ მსჯავრდებულის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის აქტით დადგენილი შეღავათი.
5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი სასჯელისაგან იმ მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითვალისწინებს, ვინც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ანუ ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) ან მე-4 ნაწილით (ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულები. ეს შეღავათი არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ სხვა, მათ შორის მთვრალ მდგომარეობაში, ჩადენილ დანაშაულებზე.
6. რ. რ–ა მსჯავრდებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის მთვრალ მდგომარეობაში იმ პირის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მოქმედი რედაქციით პასუხისმგებლობა აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულის სსკ-ის 276-ე მუხლის იმ ნაწილით, რომელზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მოქმედება (სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედი რედაქცია თვალისწინებს პასუხისმგებლობას „ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია“)
7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი ვრცელდება იმ დანაშაულებზე, რომლებიც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ნაწილით ან ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება №71-21; ასევე N4I-15)
8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21)
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს რ. რ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ რ. რ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე