Facebook Twitter

საქმე # 330802221004349439

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№138I-21 ქ. თბილისი

რ. ა., 138I-21 4 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. რ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. მ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2015 წლის 20 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სამინისტროს საგადასახადო დანაშაულთა წინასწარი გამოძიების სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ა. რ-ს ბრალად დაედო ააზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადასახადისათვის თავის არიდება, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2015 წლის 30 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სამინისტროს საგადასახადო დანაშაულთა წინასწარი გამოძიების სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით გამოცხადდა ა. რ-ს ძებნა.

იმავე დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სამინისტროს საგადასახადო დანაშაულთა წინასწარი გამოძიების სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გადაწყვეტილებით ა. რ-ს ხელახლა წარედგინა ბრალდება.

2015 წლის 8 ივლისს აზერბაიჯანისს რესპუბლიკის ქ. ბ-ს ი-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. რ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

2015 წლის 7 აგვისტოს გამოცხადდა ა. რ-ს მიმართ ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2015 წლის 19 ოქტომბერს ა. რ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2015 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა. რ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა - 3 თვით.

2015 წლის 28 და 30 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა. რ-ს ექსტრადიციის თაობაზე ა-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

2016 წლის 15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა. რ-ს შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეეცვალა გირაოთი - 25000 ლარით და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. 2021 წლის 8 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ა. რ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბ-ს ი-ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში ა. რ-ს მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადასახადისათვის თავის არიდება, ჩადენილი დიდი ოდენობით).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი ა. რ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბ-ს ი-ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაში ა. რ-ს მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე და დასჯადია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით (გადასახადისათვის თავის არიდება, ჩადენილი დიდი ოდენობით).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. რ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - ვ. მ. და გ. რ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება იმ მოტივით, რომ ა. რ-ს მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურის დასრულებამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიცია; ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაული არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას საქართველოს კანონმდებლობით.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. რ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. მ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები, ინფორმაცია ან შუამდგომლობა.

7. დაცვის მხარემ წარმოადგინა მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის საგადასახადო დანაშაულის წინასწარი გამოძიების მთავარი დეპარტამენტის საგამოძიებო დეპარტამენტის მე-3 განყოფილების უფროსი გამომძიებლის გადაწყვეტილებით ა. რ-ს მიმართ დიდი ოდენობით გადასახადების სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის თავის არიდების ფაქტზე გამოძიებული №.... სისხლის სამართლის საქმის აღსრულება შეწყდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39.1.3 და 40.4 მუხლების საფუძველზე; ა. რ-ს მიმართ იასამალის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდა, ხოლო გამოცხადებული ძებნა შეწყდა.

8. ბრალდების მხარემ წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის 2021 წლის 2 მარტის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის 18 თებერვალს ა. რ-ს მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც იყო მისი ექსტრადიციის მოთხოვნა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ უკან გაიხმო თავისი შუამდგომლობა ა. რაჰიმოვის გადაცემის შესახებ, რისი მხედველობაში მიღებითაც, ა. რ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები ექვემდებარება შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირის ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია, მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენცია ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ და ,,საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1996 წლის 8 მარტის ხელშეკრულება. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირები.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით სარწმუნოდ დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც იყო მოთხოვნილი ა. რა-ს ექსტრადიცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ უკან გაიხმო თავისი შუამდგომლობა მისი გადაცემის შესახებ, რისი მხედველობში მიღებითაც, აღარ არის გამოკვეთილი ექსტრადიციის განხორციელების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები ექვემდებარება შეწყვეტას.

4. ამდენად, ვინაიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკას აღარ სურს ა. რ-ს ექსტრადიცია, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი სათანადო დოკუმენტაციით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. რ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. მ-სა და გ. რ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება ა. რ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ა. რ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. რ-ს ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ვ. მ-სა და გ. რ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება და დაუშვებლად იქნეს ცნობილი ა. რ-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიცია;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი