ბს-1267-1071-კ-04 10 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გამგეობის გადაწყვეტილების და საიჯარო ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სოფ. ... საკრებულოს გამგებელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: ახმეტის რაიონის გამგეობის, მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისიის, შ. ბ.-ის, თ. გ.-ის, ლ. გ.-ის და სხვების (სულ _ 16 პირის) მიმართ და მოითხოვა ახმეტის რაიონის გამგეობის 2001წ. 4 აპრილის ¹22 დადგენილებით, შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების და იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სოფ. ... მდებარეობდა საქართველოსა და აზერბაიჯანის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან ახლოს და დასახლებული იყო სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით. სოფლის ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფო მეურნეობები, რომლებიც გაკოტრდა და მათ ქონებას ყადაღა ედო. ქონება იყიდებოდა ვალების დასაფარავად, მიწა კი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.
სოფლის მოსახლეობამ მიმართა რაიონის გამგეობას მიწაზე იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მიწაზე უკვე გაცემული იყო საიჯარო ხელშეკრულებები 49 წლის ვადით. ხელშეკრულებების დადებისას რაიონის გამგეობას არ გაუთვალისწინებია, რომ სოფ. მოწყვეტილი იყო რაიონს, ვერ სარგებლობდა საინფორმაციო საშუალებებით და რომ მიწა უნდა განაწილებულიყო სოფლის საკრებულოს მონაწილეობით, სოფლის მცხოვრებლებს კი მისცემოდა უპირატესობა. გამგეობის მიერ დარღვეული იყო “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს კომისიაში სოფლის საკრებულოს წარმომადგენლის მონაწილეობას. გამგეობამ ხელშეკრულებები გააფორმა იმ პირებთან, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ სოფელთან. ხელშეკრულებები გაცემულია თითოეულ მეიჯარესთან 50-60 და 80 ჰა-ზე 49 წლის ვადით. სოფლის მოსახლეობა კი საარსებო საშუალების გარეშე დარჩა. მიწების იჯარით გამანაწილებელი კომისიის გადაწყვეტილება გამგეობამ დაამტკიცა უპირობოდ 2001წ. 4 აპრილის ¹2 დადგენილებით. მიწის იჯარით გაცემის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ ყოფილა, არ იქნა გათვალისწინებული სოფლის მდგომარეობა და მოსახლეობის სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობები. კომისიის წევრებმა თვითონ დაირიგეს მიწის ფართობები. მოსარჩელემ მოითხოვა ახმეტის რაიონული გამგეობის 2001წ. 4 აპრილის ¹22 დადგენილების და ამ დადგენილების საფუძველზე გაცემული საიჯარო ხელშეკრულებების გაუქმებას.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2001წ. 4 დეკემბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ახმეტის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სოფ. ... მიმდებარე ტერიტორიის მიწები განაწილდა კანონმდებლობის შესაბამისად. მიწის იჯარით გაცემის შესახებ სოფლის მოსახლეობას კომისიის მიერ ეცნობა. კომისიაში შეყვანილი იყო საკრებულოს მდივანი ა. ტ.-ი, რომელიც შეხვდა სოფლის მოსახლეობას. მოიჯარეთა ნაწილი სწორედ სოფ. ... მცხოვრებელს წარმოადგენდა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ახმეტის რაიონული გამგეობის 2001წ. 4 აპრილის ¹22 დადგენილების პირველი განყოფილების ყველა პუნქტი. პირველიდან მე-14-ს ჩათვლით, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებული ა. ჯ.-ესთან, ი., ა. და ჰ. ც.-ებთან, თ., ლ. და გ. გ.-ეებთან, ს. ი.-ესთან, ა. და ს. ტ.-ებთან, შ. ბ.-თან, ო. ი.-თან და ნ. კ.-ესთან.
მოსარჩელეს უარი ეთქვა შ. ჩ.-ისა და თ. ბ.-თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება _ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სხვა მოპასუხეებს არ გაუსაჩივრებიათ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაირღვა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნები, კერძოდ: მე-4 მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნა, აგრეთვე, მესამე მუხლის პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე პუნქტების მოთხოვნები. მიწის იჯარით გაცემა არ მომხდარა კონკურსის წესით. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონკურსი გამოცხადდა სიტყვიერად, რადგან დებულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მასობრივი საშუალებით გამოქვეყნებას კონკურსამდე 20 დღით ადრე და ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ მხარეს უფლება ეძლევა გაეცნოს იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთს და გეგმას. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ უგელებელყოფილი იყო დებულების აღნიშნული მოთხოვნაც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. გ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის შესახებ” დებულების მე-4 პუნქტი 1999 წელს ...-ის მეურნეობასთან დადებულ იჯარის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება სასამართლო პროცესის დროისათვის ძალაში იყო და ხელშეკრულებების პირობების შესრულება მის მიერ ხდებოდა კეთილსინდისიერად და აღნიშნული ხელშეკრულება დავის საგანი არ გამხდარა, შესაბამისად, არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაუქმებულა. აღნიშნული მსჯელობით სასამართლო გასცდა თავის საგანს, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენდა.
სასამართლომ განჩინებას საფუძვლად დაუდო საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების წესის დარღვევა, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი პასუხისმგებლობის საფუძველი, რამეთუ მას არ მიუღია მონაწილეობა და, შესაბამისად, არ ჰქონია ადგილი მის ბრალეულობას.
მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა ზაკ-ის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გარიგების დადებისას გამოიყენა სკ-ის ნორმები და ამ თავით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები. სკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ახმეტის გამგეობასა და ლ. გ.-ეს შორის დადებული გარიგება მოიწონა მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, რომელიც შემდგომ გამგეობამ დაამტკიცა სადავო ¹22 დადგენილებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განჩინება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის იჯარით მიღების თაობაზე საქმეზე მოპასუხეებად დასახელებულმა ფიზიკურმა პირებმა მიწის იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებებით მიმართეს 2000წ. სექტემბერ-ოქტომბერში. ო. ი.-ის 9.06.2000წ. განცხადებებში მითითებული არ არის საიჯარო ვადები. მხოლოდ ორ განცხადებაშია საიჯარო ვადა მითითებული, კერძოდ, ლ. გ.-ის განცხადებაში 9 წელი და ა. ტ.-ის განცხადებაში _ 3 წელი. მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ი. და ა. ც.-ების განცხადება განიხილა 2000წ. 18 ოქტომბერს, ხოლო სხვა მოპასუხეების განცხადება _ იმავე წლის 12 დეკემბერს, რა დროსაც დაკმაყოფილდა მოთხოვნები და მიწის ფართობები იჯარით გადაეცათ 49წ. ვადით. კომისიის გადაწყვეტილება ახმეტის რაიონულმა გამგეობამ განიხილა 2001წ. 3 აპრილს და იმავე დღეს დამტკიცდა ¹22 დადგენილებით. ლ. გ.-ესთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა 19.10.2000 წელს 66 ჰა მიწის ფართობზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო გარიგება უნდა დადებულიყო საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლის თანახმად, მიწის იჯარით გაცემის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის (ქალაქის) წარმომადგენელი, რომლის გამგებლობასაც განეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი. კომისია გადაწყვეტილების ოქმსა და ხელშეკრულების პროექტს წარუდგენს რაიონის გამგეობას, რომელიც ვალდებულია ორ კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება და ამის შესახებ წერილობით აცნობოს როგორც კომისიას, ისე კონკურსში გამარჯვებულს. მეიჯარესა და კონკურსში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კასატორს 1999 წელს ... მეურნეობის ადმინისტრაციასთან და 1998 წლიდან ...-ის ჯიშსაშენთა მეურნეობასთან არ ჰქონდა დადებული ხელშეკრულება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” კანონის გაუქმებამდე ამავე კანონის შესაბამისად, ხოლო 1999 წელს ...-ის მეურნეობასთან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეესაბამებოდა საქართველოს პრეზიდენტის ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მოთხოვნებს და მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონდა უკვე არსებული ხელშეკრულებების გადაფორმებას, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულების დასადებად საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება და მისი გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და კასატორის საქმეში არსებული განცხადებითაც დასტურდება, რომ იგი იჯარით ითხოვდა შირაქში _ ... 66 ჰა სახნავ მიწას 9 წლის ვადით და მას უკვე არსებული ხელშეკრულების გადაფორმების მოთხოვნა არ ჰქონია.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის იჯარით გამცემმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ჩაატარა დებულებით განსაზღვრული ყველა პროცედურა, დარღვეული იყო მხოლოდ მათი ჩატარების თანმიმდევრობა, კერძოდ, ხელშეკრულების გაფორმება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე გამგეობა დაამტკიცებდა კომისიის სხდომის ოქმს და მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენდა არსებითი ხასიათის დარღვევას, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული გარიგება, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კერძოსამართლებრივი (სამოქალაქო) გარიგება, რომლის ერთ-ერთ კონტრაჰენტს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს. შესაბამისად, ადმინისტრაციული გარიგების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო სამართლის შესაბამისი ნორმები და შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი საჯარო (ადმინისტრაციული) კანონმდებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს ნების გამოვლენა შეზღუდულია საჯარო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებითა და აკრძალვებით. შესაბამისად, ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იყოს სკ-ის შესაბამისი ნორმები და ზაკ-ის მე-5 თავით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული გარიგება _ საიჯარო ხელშეკრულება დაიდო “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” დებულების მოთხოვნათა უგულებელყოფით. გარდა იმისა, რომ კასატორიც ადასტურებს მითითებული დებულებით გათვალისწინებული პროცედურების თანმიმდევრობით ჩატარების დარღვევას, საკასაციო პალატის აზრით, ყველაზე უმთავრეს გარემოებას წარმოადგენს ის, რომ კონკურსის შესახებ არ გამოცხადებულა და დარღვეული იყო დებულებით გათვალისწინებული საჯაროობის პრინციპი, რითაც შეიზღუდა მესამე პირთა _ სოფ. ... მცხოვრებთა ინტერესები, მონაწილეობა მიეღოთ მიწის იჯარით გასაცემ კონკურსში და მოეპოვებინათ მიწათსარგებლობის უფლება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედების შედეგად, საჯაროობის პრინციპის დარღვევით, განხორციელდა უკანონო გარიგება, რომელიც დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, რაც გამგეობამაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია მტკიცება საიჯარო ხელშეკრულების უტყუარობისა და მასში მონაწილე მხარეების სამართლიან ურთიერთობაზე. სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად კი ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 მარტის განჩინება;
3. ლ. გ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.