Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №139I -21 თბილისი

ლ-ა მ-ა, 139I -21 4 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ას საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, სენაკის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ლ-ას პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით მ. ლ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 და მე-4 ნაწილების „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ლ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 7 მარტიდან.

2.2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ლ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გადასინჯვასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება სენაკის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ მ. ლ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების (მათ შორის ნასამართლობის არქონა) დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი შეიძლება გავრცელდეს და სასჯელი გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „ა“ ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ, თუ მან ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) ან - ქურდობა დიდი ოდენობით (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით მ. ლ-ა მსჯავრდებულია ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით (177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ვრცელდება), იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომელზეც ასევე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით. ამავე დროს, იგი ნასამართლევია წინა განაჩენით.

3. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მ. ლ-ას მსჯავრდებას, პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მის მიმართ ამ ნაწილშიც ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასჯელი ¼-ით შეიძლება შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ დაზარალებული თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირის მიმართ გავრცელდეს აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ მ. ლ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.

4. ამდენად, მსჯავრდებულ მ. ლ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ. ლ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ლ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე