საქმე # 130141121004286850
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2391-21 19 მარტი, 2021 წელი
გ. ა., 2391-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ა. გ-ს საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
2. 2021 წლის 20 იანვარს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში გაიგზავნა მსჯავრდებულ ა. გ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ბ. საჩივრით ითხოვს, რომ დაზუსტდეს მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მსჯავრდების ეპიზოდში, ვინაიდან არ იკვეთება საცავში შეღწევის ფაქტი, რის შემდეგაც ა. გ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. გ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მას სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, მსჯავრდებულის მიმართ მითითებული შეღავათი კანონიერად ვერ გავრცელდა მხოლოდ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე. ა. გ-ს მიმართ სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე ასევე კანონიერად ვერ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რადგან ამ მუხლზე მითითებული კანონი არ ითვალისწინებს შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას.
4. რაც შეეხება ადვოკატის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების ფარგლებში არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კვალიფიკაციის შეცვლა/არშეცვლის საკითხზე.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი