Facebook Twitter

საქმე # 330141221004270415

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1411-21 12 მარტი, 2021 წელი

ს–ი ნ., 1411-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით ნ. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 17 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ს–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ნ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 18 მაისიდან.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით მსჯავრდებული ნ. ს–ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით მოთავსდა შპს ,,ა-ს ........ სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (............), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.

მსჯავრდებული ნ. ს–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით #.. ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან გადაყვანილ უნდა იქნეს შპს ,,ა-ს .............- სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (........), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, ხოლო მსჯავრდებულის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვის შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს საერთო წესით. ნ. ს–ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოთავსების ვადა, რომელიც შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში, უნდა აითვალოს მისი სტაციონარში მოთავსებიდან.

5. 2021 წლის 17 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ს–ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძვ.რედ.) დანიშნული სასჯელი - 6 წელი და 7 თვე და საბოლოოდ, სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით, 11 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

8. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

9. მსჯავრდებულ ნ. ს–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 2 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. ს–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ მუხლზე რაიმე შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს.

3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს (ამჟამად მოქმედი რედაქცია), ამასთან, საქმის მასალების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენის გამოტანამდე ნ. ს–ი წარსულში ნასამართლევი იყო მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, მას ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

5. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ს–ს ¼-ით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ს–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენის გამოტანის დროისათვის დანიშნული სასჯელიდან მოხდილი ჰქონდა 1 წელი და 5 თვე, მას მოსახდელად უნდა დარჩეს 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. მას თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 18 მაისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. მსჯავრდებულ ნ. ს–ს ¼-ით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 6 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ს–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენის გამოტანის დროისათვის დანიშნული სასჯელიდან მოხდილი ჰქონდა 1 წელი და 5 თვე, მას მოსახდელად დარჩეს 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ს–ს განაჩენთა ერთობლიობით მოსახდელი სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. მას თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2016 წლის 18 მაისიდან.

5. ნ. ს–ი გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

6. ცნობად იქნეს მიღებული, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის ბრძანებით მსჯავრდებული ნ. ს–ი არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით მოთავსდა შპს ,,ა-ს ........... სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (.........), არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.

7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე