Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1431-21 ქ. თბილისი

ნ-ა პ-ე, 1431-21 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ნ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით პ. ნ-ა, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 ნოემბრიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით პ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 11 ივლისიდან.

3. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის № პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ პ. ნ-ას პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ნ-ას მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი.

5. მსჯავრდებული პ. ნ-ა საჩივრით ითხოვს მისი საქმის ხელახლა განხილვას და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

3. წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება პ. ნ-ას მიმართ გამოტანილი არცერთი გამამტყუნებელი განაჩენით მის მიმართ მსჯავრად შერაცხულ ქმედებებზე, კერძოდ:

· მსჯავრდებულ პ. ნ-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეღავათს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ზემომითითებული კანონის მე-2 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებას, თუ მისი ჩამდენი დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, მაგრამ ეს დათქმა ეხება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლ ნაწილს და არა – 2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულია პ. ნ-ა და რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე მსჯავრდებულ პ. ნ-ას მიმართ ასევე არ არსებობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ პ. ნ-ა ამ დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი, მას მსჯავრი დაედო, მათ შორის – საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც, მაგრამ სასჯელი განესაზღვრა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ერთიანი სასჯელის სახით, რომლის მიმართაც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ ხსენებული კანონის შეღავათები.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. ნ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი