საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №144აპ-19 ქ. თბილისი
კ-ე მ, 144აპ-19 19 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით მ. კ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2010 წლის სექტემბერში მ. კ-ემ განიზრახა ნ. ჟ-ის, ო. კ-ისა და ლ. გ-ის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლება. იგი საშუამავლო ფირმის მეშვეობით დაუკავშირდა მათ და ნდობა მოიპოვა. მ. კ-ემ, იმისათვის, რომ დაზარალებულებისაგან 17000 აშშ დოლარი მიეღო და მათთან იპოთეკური სესხი გაეფორმებინა, ნ. ჟ-ს, ო. კ-სა და ლ. გ-ს აჩვენა ქ. ქ-ში, ქ. №-ში მდებარე სამსართულიანი სახლის სურათები, რომლის ღირებულება აღემატებოდა გასასესხებელი თანხის ოდენობას – 17000 აშშ დოლარს. 2010 წლის 6 და 23 სექტემბერს მ. კ-ემ ნ. ჟ-თან, ო. კ-სა და ლ. გ-თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულებმა მ. კ-ეს გადასცეს 17000 აშშ დოლარი, ხოლო მან თანხის უზრუნველსაყოფად მინდობილობის საფუძველზე იპოთეკით დატვირთა მ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქ-ში, ქ. №-ში (ყოფილი ), ღირებული 17350 ლარად და არა ის კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი, რომლის სურათები აჩვენა და რითიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული სესხი. მ. კ-ის ქმედებით დაზარალებულებს – ნ. ჟ-ს, ო. კ-სა და ლ. გ-ს მიადგათ 17000 აშშ დოლარის ზიანი.
4. პროკურორი თამარ კერესელიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ მ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. მსჯავრდებული მ. კ-ე და მისი ადვოკატი ლ. ბ-ი შესაგებელში აღნიშნავენ, რომ არ ეთანხმებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და ითხოვენ სწორი გადაწყვეტილების გამოტანას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებული შვიდი შვილის დედაა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ერთ-ერთ დაზარალებულს გადაუფორმა იპოთეკით დატვირთული ორსართულიანი სახლი) გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. კ-ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი