ას-664-625-2011 27 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კ. პ-ანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ კ. ს-ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ვალდებულების შეუსრულებლობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ს-ვამ და ნ. ც-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში კ. პ-ანის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხე კ. პ-ანის მეუღლე ვ. ს-ვს მკურნალობისა და ოპერაციისთვის 1999 წელს კ. ს-ვამ ასესხა 3000 აშშ დოლარი, რომლის დასაფარადაც შეჰპირდა სამოთახიანი ბინიდან ერთი ოთახის გაფორმებას. საავადმყოფოდან ვ. ს-ვის გამოწერის შემდეგ მოსთხოვა ვალის უკან დაბრუნება, რაზედაც ვ. ს-ვმა შესთავაზა დამატებით 3000 აშშ დოლარის გადმოცემა, რის სანაცვლოდ ნ. ც-ძის სახელზე გააფორმებდა საკუთარი სამოთახიანი ბინის ერთ ოთახს. ნ. ც-აძე დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას და 2002 წელს ვ. ს-ვს გადასცა 3000 აშშ დოლარი, ვინაიდან ბინა ტექბიუროში იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში გაფორმების მიზნით, კ. ს-ვას სახელზე გასცა მინდობილობა. ყველა საჭირო საბუთის მომზადების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მოიწვია ნოტარიუსი, მაგრამ კ. პ-ანმა უარი განაცხადა ერთი ოთახის გასხვისებაზე. ვ. ს-ვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კ. ს-ვამ ვ. ს-ვს დამატებით გადასცა 2000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდ ვ. ს-ვი შეპირდა შინაურული ანდერძის შედგენას, რომლითაც ერთ ოთახს უანდერძებდა, რაზედაც დათანხმდა. ვ. ს-ვის მკურნალობისთვის და კვებისთვის დამატებით გაწია ხარჯი 750 აშშ დოლარი. 2008 წლის ოქტომბერში კ. პ-ანს გადასცა 3000 აშშ დოლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კ. პ-ანი ვალდებულია დაუბრუნოს სესხის სახით მიღებული 8750 აშშ დოლარი კ. ს-ვას და 3000 აშშ დოლარი ნ. ც-ძეს.
მოპასუხე კ. პ-ანმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საქმეში წარმოდგენილი ხელწერილები შედგენილია კ. ს-ვას მიერ და ხელმოწერა არ ეკუთვნის ვ. ს-ვს. არანაირი თანხა მოსარჩელეებისგან არ მიუღია 1999 წელს ოპერაციისთვის კ. ს-ვამ ვ. ს-ვს დაუბრუნა ვალი 2000 აშშ დოლარი. კ. ს-ვას მიერ გადმოცემული 500 ლარი მის მიერ დაბრუნებული იქნა ნაწილ_ნაწილ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ს-ვას სარჩელი. კ. პ-ანს კ. ს-ვას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2000 აშშ დოლარი. კ. ს-ვას უარი ეთქვა 6750 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე. იმავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ც-ძის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეებმა და მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით კ. ს-ვასა და ნ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა კ. პ-ანის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კ. ს-ვამ ვ. ს-ვს მკურნალობისთვის სესხის სახით გადასცა 2000 აშშ დოლარი. კ. ს-ვა სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ 1999 წელს ვ. ს-ვს გადასცა 3000 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა აუდიოჩანაწერით, 2006 წლის ნოემბერში 3000 აშშ დოლარი, რაც დასტურდებოდა ვ. ს-ვის მიერ ხელმოწერილი 2006 წლის 18 ნოემბრის ხელწერილით, 2008 წლის ოქტომბერში დამატებით 2000 აშშ დოლარი, რასაც ადასტურებდა მოწმე ა. გ-ძე და 750 აშშ დოლარის ხარჯი გაწეული ჰქონდა ვ. ს-ვის მკურნალობისათვის. სასამართლოსთვის არ წარუდგენია აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ს-ვის მიერ 1999 წელს კ. ს-ვასგან 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის აპრილის დასკვნის თანახმად, საქმეში წარდგენილ 2006 წლის 18 ნოემბრის ხელწერილზე ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებული იყო ვ. ს-ვის მიერ, თუმცა კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა, წარდგენილი ნიმუშების ვარიაციულობისა და სიმცირის გამო. შესაბამისად, არ დასტურდებოდა 2006 წლის 18 ნოემბრის ხელწერილზე ვ. ს-ვის ხელმოწერა და არ დასტურდებოდა 2006 წლის ნოემბრის თვეში ვ. ს-ვის მიერ კ. ს-ვასგან 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. კ. ს-ვამ გარდა ახსნა-განმარტებისა სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ მკურნალობის და კვებისთვის 750 აშშ დოლარის გაღების ფაქტი, მკურნალობისათვის 1999 წელს 3000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი და 2008 წლის ოქტომბერში დამატებით 2000 დოლარის გადაცემის ფაქტი. საქმეში წარდგენილი იყო მოპასუხე კ. პ-ანის ზეპირი გამოკითხვის ოქმი, სადაც კ. პ-ანი განმარტავდა, რომ 1999 წელს მის მეუღლეს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და ფულისთვის მიმართა დეიდას კ. ს-ვას, რომელმაც ოპერაციისთვის გადაიხადა 2000 აშშ დოლარი. შესაბამისად, დადგენილი ვ. ს-ვის მხრიდან მხოლოდ 2000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რომელიც ვ. ს-ვს არ დაუბრუნებია, ისევე როგორც კ. პ-ანს. დადგენილია, რომ ნ. ც-ძეს ვ. ს-ვისთვის არ გადაუცია 3000 აშშ დოლარი. გარდა ახსნა-განმარტებისა ნ. ც-ძეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ. ს-ვისთვის 3000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს.
აპელანტის მოსაზრება, რომ კ. ს-ვამ ვ. ს-ვს სამკურნალოდ გადასცა არა მხოლოდ 2000 აშშ დოლარი, არამედ, ასევე 1999 წელს გადასცა 3 000 აშშ დოლარი, რომლის შესახებ ვ. ს-ვმა მოწმეების ნ. ც-ვას, ო. კ-ვას და ნ. ც-ძის თანდასწრებით წერილობითი ხელწერილით აღიარა 2006 წლის 18 ნოემბერს და პირობა დადო, რომ 2006 წლის ბოლომდე გადაიხდიდა მას, სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა და განმარტა, რომ მოსარჩელეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ვ. ს-ვის მიერ 1999 წელს კ. ს-ვასგან 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი.
აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეში წარდგენილი ხელწერილი დაწერილი იყო თავად კ. ს-ვას მიერ, რადგან ხელწერილის დაწერა თხოვა თავად ვ. ს-ვმა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2006 წლის 18 ნოემბრის ხელწერილზე ვ. ს-ვის ხელმოწერა არ დასტურდებოდა და ასევე არ დასტურდებოდა 2006 წლის ნოემბერში ვ. ს-ვის მიერ კ. ს-ვასგან 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ სასამართლო წარმოდგენილ ხელწერილს მიიჩნევდა უტყუარ მტკიცებულებად, აღნიშნული ხელწერილით მაინც არ დადასტურდებოდა 2006 წელს 3000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რადგან ხელწერილში საუბარი იყო მხოლოდ 1999 წელს მიღებულ თანხაზე და იგი არ შეიცავდა არანაირ ჩანაწერს ვ. ს-ვის მხრიდან 2006 წელს დამატებით 3000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე. კ. ს-ვამ გარდა ახსნა-განმარტებისა სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ მკურნალობის და კვებისთვის 750 აშშ დოლარის გაღების ფაქტი, მკურნალობისთვის 1999 წელს 3000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი და 2008 წლის ოქტომბერში დამატებით 2000 დოლარის გადაცემის ფაქტები.
სააპელაციო სასამართლომ, რომ მიუთითა, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. ს-ვს მინდობილობის გაცემისას თავისი საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახის გაყიდვა ჰქონდა განზრახული. მინდობილობა გაცემულ იქნა 2008 წლის 25 სექტემბერს ექვსი თვის ვადით. მინდობილობაში აღნიშნულია, რომ ვ. ს-ვს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო სანოტარო ბიუროში გამოცხადება, შესაბამისად, ნოტარიუსი მასთან სახლში მიიყვანეს, იმავე მინდობილობით კ. ს-ვას მიეცა უფლება, ვ. ს-ვი წარედგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში და გაეტარებინა რეგისტრაციაში მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება. რაც შეეხება უძრავი ქონების გასხვისების განზრახვას აღნიშნული მინდობილობის გაცემით დადასტურებული არ არის. 2010 წლის 2 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე კ. პ-ანმა განმარტა, რომ მინდობილობა მისი ქმრის მიერ გაცემულ იქნა მხოლოდ ბინის დაკანონების მიზნით. მინდობილობის არსებობა ქონების გასხვისებასა და გადაფორმებასთან დაკავშირებული არ ყოფილა. მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტ კ. ს-ვას მოსაზრება, რომ მინდობილობა ვ. ს-ვის მიერ მის სახელზე გაცემულ იქნა ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით და არ გაიზიარა იმ ნაწილში, რომ ვ. ს-ვს რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ სურდა მისი ბინის ნაწილი მიეყიდა ნ. ც-ძისთვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. პ-ანმა და მოითხოვა მისი გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლები, რომლებიც არეგულირებენ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ ვ.ს-ვს ჰქონდა, კ. ს-ვას ვალი. პირიქით, სასამართლოს მიერ მითითებული ზეპირი გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ კ. ს-ვას ჰქონდა წაღებული ვ. ს-ვისაგან თანხა 15000 ათასი რუბლის ოდენობით და ამ ფულიდან იქნა დაბრუნებულია 2000 აშშ დოლარი ოპერაციისათვის. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 1484-ე მუხლები, მხარეები არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში და შესაბამისად კ.პ-ანს არ გააჩნდა ვალდებულება მისთვის თანხის დაბრუნების შესახებ. ასევე ვალდებულება წარმოშობილი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებიდანაც. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ კ. ს-ვამ, კ. პ-ანის მეღლეს აწ გარდაცვლილ ვ. ს-ვის მკურნალობისათვის სესხის სახით გადასცა 2000 ათასი აშშ დოლარი. ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა კ. პ-ანის ზეპირი გამოკითხვის ოქმზე, რომლიდანაც დასტურდება სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო გარემოება და იგი არ შეიძლება ჩაითალოს კ. პ-ანის მიერ „სესხის აღიარებად“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. პ-ანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ვალდებულების შეუსრულებლობა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 1484-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. პ-ანს უნდა დაუბრუნდეს ზ. დ-ძის მიერ 2011 წლის 11 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. პ-ანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
კ. პ-ანს დაუბრუნდეს ზ. დ-ძის მიერ 2011 წლის 11 მაისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.