საქმე # 330141221004292191
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1461-21 18 მარტი, 2021 წელი
გ. ს.,1461-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ.ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე; ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით -11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.
ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ს. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით გამოსასწორებელ კოლონიაში გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, ქონების კონფისკაციის გარეშე. ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა შს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორსა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით იმ ანგარიშით, რომ პატიმრობის ერთი დღე შეესაბამება თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს მოქალაქე ს. გ. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე და შეასახლეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მისი ქმედება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან და ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).
მსჯავრდებულ ს. გ-ს დანიშნული სასჯელის - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა - სსკ-ის 262– ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.
მსჯავრდებულ ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 25 მარტიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება: მსჯავრდებულ ს. გ.ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.
მსჯავრდებულ ს. გ.ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო-2015 წლის 25 მარტიდან-2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
8. 2019 წლის 30 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. გ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ: შუამდგომლობის ავტორი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც აუარესებს მის მდგომარეობას სასჯელის ნაწილში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინება და მიეთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუშვას მსჯავრდებულ ს. გ.ს შუამდგომლობა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაში მსჯავრდებულ ს. გ.ს მიმართ სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის მოხდის შესახებ, შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ ს. გ.ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, ქონების კონფისკაციის გარეშე.
მსჯავრდებულ ს. გ.ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, ქონების კონფისკაციის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით, ქონების კონფისკაციის გარეშე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის N15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორ ვახტანგ დიდიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის, ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის დადგენილების თანახმად, მსჯავრდებულ ს. გ-ს დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით - შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ. გათავისუფლდა პირობით ვადამდე 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით ადრე.
14. 2021 წლის 20 იანვარს თბილისის პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ს. გ.ს პირადი საქმე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და ბელარუსის რესპუბლიკის 2020 წლის 7 აგვისტოს ამნისტიის თაობაზე დადგენილების შესაბამისად.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ.ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
16. მსჯავრდებული ს. გ. საჩივრებით ითხოვს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას იმ მოტივით, რომ მას საქართველოში ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე აქვს მოხსნილი. იგი ასევე ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის, ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილების გათვალისწინებას, რომლებითაც მას ამნისტიის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1- ლი პუნქტის თანახმად: დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის’’.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით ს. გ.ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1- ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდა იმ მოტივით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ზ’’ და ,,თ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 127-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 3781-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და აღნიშნული ნასამართლობა მას გაქარწყლებული არ ჰქონდა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის (2015 წლის 25 მარტი). რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს, აღნიშნულ მუხლზე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება
4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის N02/10/01 განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ს. გ. შეწყალებულ იქნა, რის საფუძველზეც იგი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელების შემდგომი მოხდისგან და მას ასევე მოეხსნა ნასამართლობა.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. გ-ს, ვინაიდან დგინდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის (2015 წლის 25 მარტი) ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის N02/10/01 განკარგულების შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე და უნდა მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულ სასჯელზე - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთაზე, ქონების კონფისკაციის გარეშე ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შეფარდებული და ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებას, რომლის მიხედვითაც, ს. გ-ს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის დადგენილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით - შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ს. გ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.
ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
6. რაც შეეხება მსჯავრდებულ ს. გ.ს კიდევ ერთ მოთხოვნას, რომ საკასაციო სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილებაც, რომლის მიხედვითაც, ამნისტიის საფუძველზე მას კიდევ 1 (ერთი) წლით შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების ფარგლებში, ასევე იმსჯელოს ბელარუსის სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე სასჯელის განსაზღვრის შესახებ.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. გ.ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. გ.ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება გაუქმდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. მსჯავრდებულ ს. გ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე გაუნახევრდეს და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) შეფარდებული და ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე;
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინების გათვალისწინებით, ს. გ-ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე;
7. ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით;
8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ. პირობით ვადამდე 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით ადრე გათავისუფლებულია პატიმრობიდან;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი