საქმე # 330141221004285192
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №147I -21 თბილისი
ფ. ვ., 147I -21 1 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ფ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით ვ. ფ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ვ. ფ-ს სასჯელი აეთვალა 2017 წლის 21 იანვრიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით ვ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად; გაუქმდა პირობითი მსჯავრი და განაჩენთა ერთობლიობისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. ვ. ფ-ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 12 მაისიდან.
2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ვ. ფ-ს პირადი საქმე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ფ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ. ფ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით უნდა შეუმსუბუქდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებისათვის შეფარდებული სასჯელები, რადგან ანაზღაურებული აქვს მიყენებული ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ვ. ფ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან ვ. ფ-ს ორივე განაჩენით სასჯელები შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელების სახით, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.
4. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ვ. ფ-ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო აღარ მსჯელობს იმ საკითხზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულებისათვის სავალდებულო წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე და რამდენად გამოკვეთილია განსახილველ შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის აუცილებელი დანაწესები.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი