Facebook Twitter

საქმე # 330141221004286797

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1491-21 5 მარტი, 2021 წელი

გ–ი რ., 1491-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით რ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი; ასევე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათით. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 23 სექტემბრიდან იმავე წლის 27 სექტემბრის ჩათვლით.

რ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც კვლავ ჩაეთვალა პირობითად) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 დეკემბრიდან.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 10000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 23 თებერვლიდან.

რ. გ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ხოლო 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებული რ. გ–ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან; მსჯავრდებულ რ. გ–ი გათავისუფლდა დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისაგან 150 საათით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმა - 2000 ლარი დარჩა უცვლელად. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებული რ. გ–ი განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელში გათავისუფლდა წინა (2016 წლის 1 ნოემბრის) განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის წილის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენი რ. გ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. გ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულმა რ. გ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით და მსჯავრდებული რ. გ–ი გაათავისუფლა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან და ასევე დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომისგან -150 საათით (წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება რომ რ. გ-ს გადახდილი აქვს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა)

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).“

5. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულ რ. გ–ს მიმართ სწორადაა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულ რ. გ–ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით რ. გ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელზედაც „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ვრცელდება.

7. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

8. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 მაისის განაჩენით დადგენილი ქმედების ჩადენისას რ. გ–ი იყო ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე მის მიმართ ვერ გავრცელდება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირებისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს რ. გ–ს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე