საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№149აპ-19 ქ. თბილისი
ჩ-ე ვ, 149აპ-19 12 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ვ. ჩ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ჩ-ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ის ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში, ვ. ჩ-ემ ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს – მ. რ-ას ესროლა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ქურთუკი, რის შემდეგაც მარცხენა ხელი სახის მარჯვენა მხარეს ერთხელ დაარტყა, ასევე ერთხელ დაარტყა ხელი თავში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მ. რ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2018 წლის 6 ივნისს ვ. ჩ-ემ მ. რ-ას უთხრა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ამის გამო არ აცოცხლებდა, დაჩეხავდა, შუბლს გაუხვრეტდა და სულ მალე გარდაცვლილს იპოვიდნენ, რის შედეგადაც მ. რ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, ვ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. გამართლებული ვ. ჩ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი უ. მ-ე შესაგებლით ითხოვენ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №643აპ-18).
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ვ. ჩ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ჩ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. დაზარალებულმა მ. რ-ამ (ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებულ მტკიცებულებებს (მათ შორის – ლ. რ-ას, უ. ხ-ისა და შ. კ-ის ჩვენებებს, რომლებიც არ არიან მომხდარი ფაქტების თვითმხილველი მოწმეები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს), ისინი ირიბი ხასიათისაა, არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და უტყუარად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.
11. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
13. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი