საქმე # 330141221004271642
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1511-21 5 მარტი, 2021 წელი
ბ–ი მ., 1511-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. მ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე გამოყენებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 17 ივნისიდან. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 20000 ლარი, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ მ. ბ–ს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით 11 თვისა და 12 დღის ვადით. შინაპატიმრობის ვადა უნდა აითვალოს #.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან. მ. ბ–ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე, 21:00 საათიდან 08:00 საათამდე. იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან 2019 წლის 5 ივლისს.
3. 2021 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ბ–ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ” 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ბ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული რეალური სასჯელი - 3 წელი, პირობითი მსჯავრი - 4 წელი და გამოსაცდელი ვადა - 4 წელი და საბოლოოდ მ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ბ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
6. მსჯავრდებულმა მ. ბ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რეალურად მოსახდელად 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება ანუ პირობითი მსჯავრის შეფარდება 2 წლითა და 3 თვით; ასევე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
7. მსჯავრდებულ მ. ბ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 4 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.
3. ამდენად, მსჯავრდებულ მ. ბ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელსა და 3 თვეს. დანიშნული სასჯელიდან - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი და 3 თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო 3 წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 3 წელი.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
5. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლი ამომწურავად ადგენს სასჯელის სახეებს და მათ არ მიაკუთვნებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევას. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს სპეციალური ნორმატიული აქტი, რომელსაც ეხება „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი.
6. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებას ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. ამნისტიის შესახებ კანონი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების აღდგენას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტი ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება 141-21).
7. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ამრიგად, მ. ბ–ი ასევე არ თავისუფლდება ჯარიმისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ. ბ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 5 წელსა და 3 თვეს. დანიშნული სასჯელიდან - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი და 3 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც უკვე მოხდილი აქვს), ხოლო 3 წელი ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი;
4. განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე