Facebook Twitter

საქმე # 330141221004288592

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1541-21 5 მარტი, 2021 წელი

წ. ი., 1541-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნათელა ჩერქეზიას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

მასვე ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ი. წ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2014 წლის 17 ოქტომბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ-სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2021 წლის 21 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ი. წ-ს პირადი საქმე, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. წ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი იმ მოტივით, რომ ი. წ-სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), არ არის შესაბამისობაში მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის ნორმასთან, ხოლო ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციას, თბილისის საქალაქო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და ი. წ-ს მიმართ გაევრცელებინა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნათელა ჩერქეზია საჩივრით ითხოვს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ი. წ-ს მიმართ შესაბამისი შეღავათების გავრცელებას, რადგან, დაცვის მხარის მოსაზრებით, ი. წ-ს ქმედება შესაბამისობაში ვერ იქნება მოყვანილი სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედ რედაქციასთან, ვინაიდან მისი ქმედება არ შეცვლილა სასჯელის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი. წ-ს, რომელიც არის ნასამართლობის არმქონე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ქმედების - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის, რაც შეესაბამება 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს) შეფარდებული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და უნდა განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნათელა ჩერქეზიას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განჩინება გაუქმდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. მსჯავრდებულ ი. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ი. წ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2014 წლის 17 ოქტომბრიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 4 აგვისტოდან 2014 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი