Facebook Twitter

საქმე # 020141221004285415

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №224I -21 თბილისი

გ. ნ., 224I -21 17 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქმის მასალების მიხედვით: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ნ. გ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად კი დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. ნ. გ-ს სასჯელი აეთვალა 2018 წლის 28 თებერვლიდან.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ნ. გ-ს მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით - 1 წლით, 2 თვითა და 17 დღით და იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 11 დეკემბერს.

3. 2021 წლის 19 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან - აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ნ. გ-ს პირადი საქმე.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობით შეცვლილი სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა შინაპატიმრობა - 10 თვითა და 22 დღით, ერთი მეოთხედით შეუმცირდა პირობითად ჩათვლილი სასჯელი და განესაზღვრა 3 წელი - პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. გ-ს ადვოკატმა ლ. ბ-მ, რომელიც ითხოვს განჩინების შეცვლას, ნ. გ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მართებულად გავრცელებას და შინაპატიმრობისაგან მის გათავისუფლებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლიანად შეუმცირა ნ. გ-ს პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსახდელად დარჩენილი 3 წლიდან მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდილი ჰქონდა 2 წელი, 9 თვე და 13 დღე და მისთვის დამატებით - 10 თვითა და 22 დღით შინაპატიმრობის განსაზღვრით, მოსახდელი სასჯელი ჯამურად სცდება ნ. გ-სათვის შეფარდებულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიმართ და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით, შეუმცირა ერთი მეოთხედით და განუსაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეუმცირა ნ. გ-ს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად შეფარდებული შინაპატიმრობა - 1 წლით, 2 თვითა და 17 დღით და განუსაზღვრა შინაპატიმრობა - 10 თვითა და 22 დღით, ვინაიდან სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ ნ. გ-ს შინაპატიმრობით შეცვლილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 2 თვე და 17 დღე, რაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შემდეგ, როდესაც ნ. გ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეს სასჯელი ფაქტობრივად მოხდილი აქვს და იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი შინაპატიმრობისაგან.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოკვეთილია საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. გ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. ნ. გ. გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი შინაპატიმრობისაგან;

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი