საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №156I -21 თბილისი
გ-ი ჯ-რ, 156I -21 4 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 21 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გორის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ჯ. გ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით ჯ. გ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ჯ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ჯ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებული ჯ. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით; გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში, მათ შორის – ჯ. გ-ისათვის საბოლოო სასჯელის ნაწილში – დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ. გ-მა, რომელიც არ ეთანხმება გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებას და ითხოვს საქმის გადახედვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაავრცელა მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და სწორად გაათავისუფლა იგი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
3. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი შეიცავს იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელზეც უნდა გავრცელდეს შეღავათები. ჯ. გ-ი (გარდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა) მსჯავრდებულია მუხლებით, რომლებზეც ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება. ამასთან, მას სასჯელი დანიშნული აქვს განაჩენთა ერთობლიობით.
4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ჯ. გ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის – შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი