საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №157I -21 თბილისი
კ-ე ა-ნ, 157I -21 4 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის განაჩენით ა. კ-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 22 იანვრიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ ა. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია); ა. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 8 ივლისის რედაქცია), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №= პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. კ-ის პირადი საქმე.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. კ-ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა), ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე - ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ეს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი შეუმცირა ერთი მეოთხედით.
4. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინების მოტივაციას, რომ მსჯავრდებულ ა. კ-ეს, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე არ გათავისუფლებულა სასჯელისაგან, არამედ ერთი მეოთხედით შეუმცირდა შეფარდებული სასჯელი, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები არ აღუდგება, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილისა.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა. კ-ის საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი