Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №159I -21 თბილისი

ა-ე ა-ა, 159I -21 4 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. ა-ე, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 28 მარტის ეპიზოდი), 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 28 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა; 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – ჯარიმა 5000 ლარი; 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – ჯარიმა 5000 ლარი; 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 7 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ა-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 7 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები და სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ქონება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 23 აპრილიდან.

2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ქალთა სპეციალური დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ა-ის პირადი საქმე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ა-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. ა-ე, გარდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, ასევე – მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, სამ ეპიზოდში მსჯავრდებულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლისა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითაც, ხოლო 2019 წლის 22 აპრილის ეპიზოდისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს ერთობლივად – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

4. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2731-ე და 265-ე მუხლებით დანიშნულ ჯარიმებზე, ასევე – ქონების ჩამორთმევაზე ამნისტია არ ვრცელდება, თანახმად „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილისა.

5. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ საჩივარში მითითებულ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და ოჯახური პირობების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის ფარგლებში განსახილველ საკითხს.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა. ა-ის საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი