Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №160I -21 თბილისი

ჯ-ი გ-ი, 160I -21 5 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ადვოკატ ლ. ფ-იას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის პირადი საქმე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული გ. ჯ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის, 20 ივნისის, 18 ოქტომბრისა და 2014 წლის 28 იანვრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელებისაგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით გ. ჯ-ისათვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2014 წლის 15 მაისიდან - დარჩა უცვლელად.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ადვოკატმა ლ. ფ-იამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გ. ჯ-ისათვის ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის განახევრებას იმ საფუძვლით, რომ გ. ჯ-ი ამ დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლევი იყო მხოლოდ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის მიერ ამავე განაჩენით ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის შთანთქმის გამო გ. ჯ-ის ნასამართლობა 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, ადვოკატის აზრით, გაუქმდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის, 20 ივნისის, 18 ოქტომბრისა და 2014 წლის 28 იანვრის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელებისაგან მსჯავრდებულ გ. ჯ-ის გათავისუფლებასთან მიმართებით.

3. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატის მოთხოვნას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გ. ჯ-ისათვის ბოლო განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით საბოლოოდ შეფარდებული სასჯელის განახევრების შესახებ, საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოტივაციას გ. ჯ-ის მიმართ მსჯავრდების ამ ნაწილში „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას გ. ჯ-ი ნასამართლევი იყო როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენი).

4. ამავე დროს, მსჯავრდებულის ადვოკატის არგუმენტთან მიმართებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის მიერ ამავე განაჩენით ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის შთანთქმის გამო, გაუქმდა გ. ჯ-ის ნასამართლობა 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შეფარდებულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი, მაგრამ სასჯელის შთანთქმა არ ნიშნავს შთანთქმული სასჯელის გაუქმებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის №1248აგ-13 განჩინება) და, შესაბამისად, არც შთანთქმული მუხლით მსჯავრდებისათვის ნასამართლობის გაუქმებას.

5. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ადვოკატ ლ. ფ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ადვოკატ ლ. ფ-იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის პირველი თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე