Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№161აპ-19 ქ. თბილისი

ნ-ი ჯ-ნ, 161აპ-19 30 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ჯ. ნ-ი, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 4000 ლარი, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ჯ. ნ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, რამაც შთანთქა წინა – თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის – ჯარიმის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 4 აგვისტოდან იმავე წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ნ-მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, თ. მ. ო-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდასაუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ. ნ-მა ფიზიკურად იძალადა თავის პაპაზე – თ. მ. ო-იზე, კერძოდ, ჯ. ნ-ი ორი დანით მისდევდა პაპას ქუჩაში და ემუქრებოდა მოკვლით, ხოლო, როდესაც დაეწია, დანა განზრახ, სხეულის დაზიანების მიზნით, დაარტყა თ. მ. ო-ის გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად თ. მ. ო-იმ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

· 2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, თ. მ. ო-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდასაუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ. ნ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბებიას – შ. ნ. ყ-ის, კერძოდ, ჯ. ნ-ს ორი დანა ეჭირა ხელში და მისდევდა ქუჩაში ბებიას – შ. ნ. ყ-ის და პაპას – თ. მ. ო-ის, რა დროსაც შ. ნ. ყ-ის ემუქრებოდა მოკვლით. შ. ნ. ყ-იმ მუქარა, ჯ. ნ-ის ქმედებების ფონზე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2018 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, თ. მ. ო-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შიდასაუბნო, მეორეხარისხოვან გზაზე, ჯ. ნ-მა ფიზიკურად იძალადა თავის ბებიაზე – შ. ნ. ყ-იზე, კერძოდ, ხელი ჰკრა ბებიას მკერდის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და წაიქცა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ჯ. ნ-ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. მსჯავრდებული ჯ. ნ-ი და მისი ადვოკატი რ. ჭ. შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ხასიათდება დადებითად, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, გათავისუფლების შემდეგ მას რაიმე ინციდენტი ან ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია) და დამამძიმებელი გარემოებების, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ჯ. ნ-ს თითოეული მუხლითა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განუსაზღვრა კანონიერი, სამართლიანი და ქმედებათა პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი