საქმე # 330141221004286299
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №162I -21 თბილისი
ქ. ი., 162I -21 2 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ქ-ს ადვოკატ ვ. კ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით ი. ქ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად კი განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა -5000 ლარი. ი. ქ-ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 28 ოქტომბრიდან.
2. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ი. ქ-ს პირადი საქმე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ქ-ს ადვოკატმა ვ. კ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ი. ქ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს მას ნასამართლობა ჰქონდა გაქარწყლებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ მიიჩნია, რომ ი. ქ. წარსულში ნასამართლევია მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ გაავრცელა, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და მიუთითებს:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე.
4. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ქ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილებით დგინდება, რომ ი. ქ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ივლისის განაჩენით შეფარდებული ჯარიმა - 15000 ლარი აღსრულებულია და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია - 2010 წლის 28 დეკემბერს, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით დაკისრებული ჯარიმა, 3000 ლარი - 2017 წლის 17 ოქტომბერს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირობით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულს - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ, რისი მხედველობაში მიღებითაც, ი. ქ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისას, რისთვისაც იგი ამჟამად მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენით, წინა ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით ჰქონდა გაქარწყლებული.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება; მსჯავრდებულ ი. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი და უნდა განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 9 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე - ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულ ი. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯოს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 9 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე - ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; დანარჩენ, მათ შორის ჯარიმის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
9. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია დაზარალებულ ლალი მანჯგალაძის განცხადება, რომელიც წინააღმდეგია, რომ ი. ქ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, თუმცა მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის აღსრულებისათვის სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს დაზარალებულის თანხმობა ან/და ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებითაც, დაზარალებულის პოზიცია ვერ დააბრკოლებს ი. ქ-ს მიმართ ამნისტიის გავრცელებას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ქ-ს ადვოკატ ვ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება გაუქმდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. მსჯავრდებულ ი. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვროს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 9 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე - ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
5. მსჯავრდებულ ი. ქ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯოს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი და 9 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 3 თვე - ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;
7. ი. ქ-ს სასჯელი აეთვალოს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან;
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 4 ივნისის განაჩენი სხვა, მათ შორის ჯარიმის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;
9. გაჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი