Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №164აპ-19 ქ. თბილისი

ს-ი ლ-ნ, 164აპ-19 30 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ლ. ს-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა ავტომობილის მართვის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ს-მა დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. ნ-ში, ა-ის ქუჩაზე, ა. გ-ი სატვირთო ავტომანქანა „მაზით“ (სახ. №-), დაახლოებით 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და მეორეხარისხოვანი გზიდან კვეთდა საავტომობილო გზას ა-ის ქუჩაზე, რომ კვლავ მეორეხარისხოვან გზაზე გაეგრძელებინა სვლა, რა დროსაც მას გზის სავალი ნაწილის გადაკვეთის მანევრის შესრულებისას შეეჯახა ა-ის ქუჩაზე, დაახლოებით 110 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ (სახ. №-), რომელსაც მართავდა მთვრალი, -- წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ლ. ს-ი. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ტრავმირებული მგზავრი გ. წ-ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მიყენებული დაზიანების შედეგად 2017 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.

· მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მძღოლის – ლ. ს-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო შემთხვევა (შეჯახება).

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ლ. ს-ისათვის სასჯელის გამკაცრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მსჯავრდებულის როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი) გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, პირის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ს-ს დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციით განსაზღვრული სამართლიანი სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი