საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №165აპ-19 ქ. თბილისი
კ-ე ა, 165აპ-19 18 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ა. კ-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. კ-ემ ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 17 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. ვ-ი, სა და ბ-ის ქუჩების გადაკვეთაზე, ქ. ვ-ეს ცენტრიდან თ-ის საზღვრის მიმართულებით, თავის სავალ ნაწილზე მოძრაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა „ფოლკსვაგენ ტრანსპორტერი“, სარეგისტრაციო ნომრით – ---, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ. წ-ი. მძღოლს ჩართული ჰქონდა ლურჯი, მოელვარე, სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებდა სამსახურებრივ დავალებას. მსვლელობისას მან შეანელა სიჩქარე, ვინაიდან მარცხნივ, ბ-ის ქუჩაზე აპირებდა შეხვევას და დაახლოებით 5 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო შემხვედრი, საპირისპირო სავალი ნაწილის გადაკვეთა მარცხნივ, რკალისებურად გაიარა დაახლოებით 13,5 მეტრი და ამ დროს ავტომანქანის მარჯვენა, გვერდითა, წინა ნაწილზე მუხრუჭის გარეშე, წინა, ნაწილობრივ მარცხენა ნაწილით შეეჯახა შემხვედრი, საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით – ---, რომელსაც მართავდა მძღოლი ა. კ-ე. შეჯახების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანის მგზავრმა, ექიმმა ნ. ლ-ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
· მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ მძღოლის – ა. კ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2, 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი მამუკა ქომოშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. კ-ისათვის სასჯელის გამკაცრებას.
5. მსჯავრდებული ა. კ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები) გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. კ-ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობითად. ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი