ას-719-674-2010 27 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მ.სულხანიშვილი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ა.მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ი”
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სადაზღვევო შესატანის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 5 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -მა” მოპასუხე ა.მ-ძის მიმართ.
განმცხადებელმა მოითხოვა გადახდის ბრძანების გაცემა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სრული სადაზღვევო შესატანის გადაუხდელი ნაწილის _ 4462.5 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად განმცხადებელი შემდეგ გარემოებებზე მიუთითებდა:
2008 წლის 17 აპრილს სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -სა” და ა. მ-ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სიცოცხლის დაზღვევის შესახებ და გაიცა სიცოცხლის დაზღვევის სერთიფიკატი ¹... ამ სერთიფიკატის თანახმად, მოპასუხეს კომპანიისათვის უნდა გადაეხადა სადაზღვევო შესატანი (პრემია) 8925 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ, 4462.50 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2008 წლის 25 აპრილისა, ხოლო დანარჩენი 4462.50 აშშ დოლარი არაუგვიანეს 2008 წლის 25 ოქტომბრისა. სადაზღვევო პრემიის ნაწილი ა. მ-ძემ გადაიხადა, ხოლო პრემიის მეორე ნაწილი ამ დრომდე გადაუხდელი იყო. 2009 წლის 15 ივნისის წერილით სადაზღვევო კომპანიამ შეახსენა მოპასუხეს თავისი ვალდებულების შესახებ და გააფრთხილა, რომ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართავდა სასამართლოს. მიუხედავად ამისა, ა. მ-ძეს ვალდებულება არ შეუსრულებია (ს.ფ. 3-4).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით ა. მ-ძეს დაეკისრა სადაზღვევო შესატანის გადაუხდელი თანხის 4462 აშშ დოლარის გადახდა სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ის” სასარგებლოდ (ს.ფ. 16).
ა. მ-ძემ შესაგებელი (პროტესტი) შეიტანა გადახდის ბრძანების წინააღმდეგ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. მ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4462.5 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, მასვე სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ის” სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 226 ლარისა და წარმომადგენლისათვის გადახდილი თანხის 300 ლარის ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 17 აპრილს ა. მ-ძესა და სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -სს” შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება;
მხარეთა შეთანხმებით სიცოცხლის დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 17 აპრილიდან 2009 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთით, სადაზღვევო პრემია _ 8 925 აშშ დოლარით, პრემიის გადახდის წესი _ ორჯერადი შენატანით, პირველი არაუგვიანეს 2008 წლის 25 აპრილამდე (4 462.5 აშშ დოლარი), მეორე არაუვიანეს 2008 წლის 25 ოქტომბრამდე (4 462.5 აშშ დოლარი);
ა. მ-ძემ 2008 წლის 24 აპრილს გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილი 4462.5 აშშ დოლარი, იმ დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში _ 6505 ლარი;
სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 6.1.3 პარაგრაფის თანახმად, ა. მ-ძე ვალდებული იყო სრულად და დროულად გადაეხადა სადაზღვევო პრემია;
ა. მ-ძემ დაარღვია 2008 წლის 17 აპრილს მასა და სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ს” შორის დადებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, მან არ გადაიხადა სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილი 4462.5 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ძე ვალდებული იყო სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -თვის” აენაზღაურებინა მიუღებელი პრემია 4462.5 აშშ დოლარი, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
გადაწყვეტილების გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ამავე კოდექსის 815-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია); დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება (მიმართვა ან/და წერილი სადაზღვევო კომპანიის მიმართ) რაც დაადასტურებდა ა. მ-ძის მხრიდან დაზღვევის ინტერესის დაკარგვას (ს.ფ. 58-62).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 66-76).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადაზღვევო კომპანია არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სადაზღვევო პრემია დაზღვევის ვადის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799.2, 815-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდა დამზღვევის ვალდებულებაა; დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან ა. მ-ძემ მიიღო დაზღვევის დამადასტურებელი საბუთი – სიცოცხლის სერთიფიკატი, იგი მოვალე იყო გადაეხადა სადაზღვევო შესატანი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მას ვალდებულება არ უნდა შეესრულებინა დაზღვევის მიმართ ინტერესის დაკარგვის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც დაზღვევისადმი ინტერესის დაკარგვის გამო, დამზღვევი გადის ხელშეკრულებიდან. ასეთ დროს, მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის შესატანი, რომელიც შეესაბამდებოდა ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა არის ცალმხრივი ნების გამოვლენა. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლის ნება გამოლენილად ჩაითვლებოდა, თუკი იგი მიუვიდოდა დამზღვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ა. მ-ძეს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა ეცნობებინა დაზღვევისადმი ინტერესის დაკარგვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ-ძე სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებიდან არ გასულა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არასწორი იყო აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადაზღვევო პრემიის არადროული შეტანა სადაზღვევო კომპანიას ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისაგან, ანუ მის მიერ მოთხოვნილი თანხა არ შეესაბამებოდა სადაზღვევო რისკის ხანგრძლივობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგზე:
მართალია, მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სიცოცხლის დაზღვევის შესახებ, რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პრემია უნდა გადაეხადა დამზღვევს მზღვეველისათვის ერთჯერადად, ხოლო 4.2 პუნქტის მიხედვით, პრემია უნდა გადახდილიყო სრული ოდენობით ხელშეკრულების გაფორმებისას, თუმცა შემდგომში, მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის სხვა წესზე, რაც აისახა დაზღვევის დამადასტურებელ მოწმობაში _ სიცოცხლის დაზღვევის სერთიფიკატში. სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მზღვეველს მოვალეობისაგან ათავისუფლებს მხოლოდ პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობა. მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ძეს პირველადი შესატანი გადახდილი ჰქონდა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიას ვალდებულება წარმოეშვა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო შენატანის არადროული გადახდის შემთვევაში, მზღვეველი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავა მის მიერ სადაზღვევო შესატანის შეტანისათვის დადგენილი დამატებითი ვადა. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს ა. მ-ძისათვის არ დაუდგენია დამატებითი ვადა სადაზღვევო პრემიის შესატანად, ამიტომ იგი დაზღვევის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
სააპელაციო სასამამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც საქალაქო სასამართლომ პროტესტი (შესაგებელი) გადახდის ბრძანებაზე დასაშვებად მიიჩნია და განიხილა სასარჩელო წარმოების წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 308.1 მუხლიდან გამომდინარე, სახეზე იყო საქმეზე გამოტანილი გადახდის ბრძანების გაუქმების საფუძველიც (ს.ფ. 135-141).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგს:
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ა. მ-ძე (დამზღვევი) არ გასულა ხელშეკრულებიდან, რის გამოც მან უნდა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილი. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორი დასკვნის გაკეთება გამოიწვია სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის არასწორმა გნმარტებამ და მხარეთა შორის 2008 წლის 17 აპრილს დადებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების არასწორმა შეფასებამ. კერძოდ, მითითებული ხელშეკრულება დაიდო საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. 2007 წლის 26 დეკემბერს სს “... ბანკსა” და შპს “ი-2000-ს” შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 8.2 პუნქტის მიხედვით, შპს “ი 2000-ის” 100%-იანი წილის მფლობელ ა. მ-ძეს 2008 წლის 1 თებერვლამდე უნდა დაეზღვია საკუთარი სიცოცხლე სს “... ბანკის” სასარგებლოდ 1000000 აშშ დოლარად, 12 თვის ვადით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს “ი 2000-ზე” სესხის სახით გაიცა 800000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა დააბრუნა 2008 წლის 5 ივნისისათვის, ანუ ა. მ-ძის მიერ სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილის გადახდის ვადის დადგომამდე. შესაბამისად, 2008 წლის 5 ივნისისათვის ა. მ-ძეს აღარ გააჩნდა ინტერესი მისი სიცოცხლის დაზღვევის მიმართ. სწორედ ამიტომ არ გადაიხადა მან სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილი.
ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ სრული სადაზღვევო პრემიის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებაში არსებული აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ სადაზღვევო პრემიის სრულად გადახდამდე მხარეებს არ წარმოეშობოდათ ურთიერთვალდებულებები, ანუ არ ამოქმედდებოდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება (ს.ფ. 148-157).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2008 წლის 17 აპრილს ა. მ-ძესა და სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ს” შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება;
მხარეთა შეთანხმებით სიცოცხლის დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2008 წლის 17 აპრილიდან 2009 წლის 16 აპრილამდე დროის მონაკვეთით, სადაზღვევო პრემია _ 8925 აშშ დოლარით, პრემიის გადახდის წესი _ ორჯერადი შენატანით. პირველი სადაზღვევო შესატანი გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2008 წლის 25 აპრილამდე (4462.5 აშშ დოლარი), მეორე კი – არაუვიანეს 2008 წლის 25 ოქტომბრამდე (4462.5 აშშ დოლარი);
ა. მ-ძემ 2008 წლის 24 აპრილს გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილი 4462.5 აშშ დოლარი, იმ დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში _ 6505 ლარი;
სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილი 4462.5 აშშ დოლარი ა. მ-ძეს არ გადაუხდია.
განსახილველ შემთხვევაში, სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ი” (მზღვეველი) ა. მ-ძისაგან (დამზღვევი) მოითხოვს სადაზღვევო შესატანის მეორე ნაწილის გადახდას.
კასატორს (დამზღვევს) მიაჩნია, რომ არ არსებობს მისგან სადაზღვევო შესატანის მეორე ნაწილის მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან მან დაზღვევის მიმართ დაკარგა ინტერესი, რაც სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მზღვეველს აძლევს სადაზღვევო შესატანის მხოლოდ იმ ნაწილის მოთხოვნის უფლებას, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლი და სათანადო შეფასება არ მისცა მხარეთა შორის 2008 წლის 17 აპრილს დადებულ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებას. ეს ხელშეკრულება დაიდო საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კერძოდ, 2007 წლის 26 დეკემბერს სს “... ბანკსა” და შპს “ი-2000-ს” შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის 8.2 პუნქტის მიხედვით, შპს “ი 2000-ის” 100%-იანი წილის მფლობელ ა. მ-ძეს 2008 წლის 1 თებერვლამდე უნდა დაეზღვია საკუთარი სიცოცხლე სს “... ბანკის” სასარგებლოდ 1000000 აშშ დოლარად, 12 თვის ვადით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს “ი 2000-ზე” სესხის სახით გაიცა 800000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა დააბრუნა 2008 წლის 5 ივნისისათვის, ანუ ა. მ-ძის მიერ სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილის გადახდის ვადის დადგომამდე. შესაბამისად, 2008 წლის 5 ივნისისათვის ა. მ-ძეს აღარ გააჩნდა ინტერესი მისი სიცოცხლის დაზღვევის მიმართ. სწორედ ამიტომ არ გადაიხადა მან სადაზღვევო პრემიის მეორე ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდაც.
მითითებული ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც დამზღვევი კარგავს ინტერესს დაზღვევის მიმართ, რის გამოც შეიძლება შეწყდეს დაზღვევის ხელშეკრულება, მაგრამ მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს ასევე მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდაც. ამდენად, მითითებული ნორმა აწესრიგებს დაზღვევის მიმართ დამზღვევის ინტერესის დაკარგვის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, შეწყდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულება დაზღვევის მიმართ დამზღვევის ინტერესის დაკარგვის გამო და აქვს თუ არა მზღვეველს დამზღვევისაგან სადაზღვევო შესატანის გადაუხდელი ნაწილის მოთხოვნის უფლება.
დაზღვევის მიმართ დამზღვევის ინტერესის დაკარგვის საკითხის გასარკვევად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის დადებული სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსი. მითითებული ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველია სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “ი. -ი”, ხოლო დამზღვევი – ა. მ-ძე. ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულია მოსარგებლე, ანუ პირი, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურების თანხა. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, პირველი რიგის მოსარგებლეა სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალი, ხოლო მეორე რიგის მოსარგებლე – დამზღვევის მემკვიდრე (კანონით ან ანდერძით). ხელშეკრულების საგანია მზღვეველის ვალდებულება, დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ, გადაუხადოს მოსარგებლეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, რომელიც განპირობებულია მხოლოდ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამზღვევის შესაძლო გარდაცვალებით. სადაზღვევო ანაზღაურების თანხის მიმღები ხელშეკრულების თანახმად არის მხოლოდ მოსარგებლე. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო ლიმიტი, ისევე როგორც სადაზღვევო ანაზღაურების თანხა შეადგენს 1000000 (ერთ მილიონ) აშშ დოლარს. ხელშეკრულებით განსაზღვრულია სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის წესი. კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურება გადახლი იქნება შემდეგი წესით: პირველ რიგში სადაზღვევო ანაზღაურების თანხიდან დაფარული იქნება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში არსებული დამზღვევის საკრედიტო დავალიანება (კრედიტის ძირითადი თანხა და კრედიტით სარგებლობისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის (1-ელი რიგის მოსარგებლე) წინაშე 2006 წლის 31 ივლისს გაფორმებული ¹..., 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ¹... და 2007 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ¹... გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად; მეორე რიგში – საკრედიტო დავალიანების დაფარვის შემდეგ სადაზღვევო ანაზღაურების დარჩენილი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაეცემა მეორე რიგის მოსარგებლეს. ამდენად, მეორე რიგის მოსარგებლისათვის გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების თანხის გამოსაანგარიშებლად ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო ანაზღაურების თანხას (1000000 (ერთ მილიონი) აშშ დოლარი) უნდა გამოაკლდეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში არსებული დამზღვევის საკრედიტო დავალიანება. დარჩენილი ნაშთი წარმოადგენს მეორე რიგის მოსარგებლის მიერ მისაღებ სადაზღვევო თანხას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამზღვევის ინტერესი მოიცავს არა მარტო კრედიტის დაზღვევას და, შესაბამისად, 1-ელი რიგის მოსარგებლის უფლებას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება საკრედიტო დავალიანების ოდენობით სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში, არამედ, ეს ინტერესი ასევე გულისხმობს მეორე რიგის მოსარგებლის უფლებას, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების თანხისა და საკრედიტო დავალიანების სხვაობის ტოლია. ასეთი სხვაობა კი იქნება ყოველთვის, როდესაც სადაზღვევო ანაზღაურების თანხა აღემატება საკრედიტო დავალიანებას, ხოლო, თუ საკრედიტო დავალიანება სრულადაა დაფარული, მაშინ მეორე რიგის მოსარგებლე მიიღებს მთლიან სადაზღვევო თანხას. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, საკრედიტო დავალიანების სრულად დაფარვის გამო, სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლება მთლიანად გადავიდა დამზღვევის მეორე რიგის მოსარგებლზე, ანუ მის მემკვიდრეებზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მათ სადაზღვევო თანხის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდათ, ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულება არც ერთი მხარის მიერ არ ყოფილა შეწყვეტილი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ეს გარემოება გამორიცხავს კასატორის მსჯელობას, რომ, ვინაიდან მან დაზღვევის მიმართ ინტერესი დაკარგა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის ვალდებული გადაიხადოს სადაზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 799.2 და 815.1 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ არსებობდა დამზღვევისათვის სადზღვევო შესატანის დარჩენილი ნაწილის დაკისრების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ასევე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან დაზღვევის ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, დამზღვევის მიერ სრული სადაზღვევო პრემიის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალი იყო თავისი მოვალეობისაგან, ამიტომ დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის სრულად გადახდამდე მზღვეველს ვალდებულება არ წარმოეშობოდა.
სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის თანახმად, პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო შესატანის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან.
მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველის მოვალეობის წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ დამზღვევმა დროულად გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამასთან, თუ მხარეები სადაზღვევო შესატანის ერთჯერადად გადახდაზე შეთანხმდენენ, მაშინ მის დროულ გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო შესატანი არაერთჯერადი გადახდით განისაზღვრა, მაშინ მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან პირველი შესატანის დროულად გადახდამდე.
მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით მხარეები შეთანხმდენენ, რომ სადაზღვევო პრემიას დამზღვევი ერთჯერადად გადაუხდიდა მზღვეველს, შესაბამისად, 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამზღვევის მიერ სრული სადაზღვევო პრემიის დროულად გადახდამდე მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობისაგან. შემდეგში მხარეები შეთანხმდნენ სადაზღვევო პრემიის გადახდის სხვა წესზე, რაც აისახა დამზღვევის სახელზე გაცემულ სიცოცხლის დაზღვევის სერთიფიკატში (ს.ფ. 7). მითითებული სადაზღვევო პოლისის მიხედვით, რომელიც გაცემულია სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სადაზღვევო პრემიის გადახდის წესი განისაზღვრა ორჯერადი გადახდით, კერძოდ, 1-ელი გადახდა – არაუგვიანეს 25.04.08 (თანხა 4462.50 აშშ დოლარი), ხოლო მეორე გადახდა – არაუგვიანეს 25.10.08 (თანხა 4462.50 აშშ დოლარი). დადგენილია და სადავო არაა, რომ დამზღვევმა 1-ელი სადაზღვევო შესატანი დროულად გადაიხადა, რაც მზღვეველის მოვალეობის წარმოშობის საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.