საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №167I -21 თბილისი
ო-ი ე-ე, 167I -21 5 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ე. ო-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ე. ო-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ე. ო-ი, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, არ იქნა გამოყენებული პირობით და დაუდგინდა 3 წლით გამოსაცდელი ვადა. მასვე ამავე კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 15000 ლარი. ე. ო-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 5 ოქტომბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ო-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით. ე. ო-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 5 ოქტომბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. ო-მა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებასა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა) აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ე. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ ე. ო-ის მოთხოვნას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია ამავე კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან გათავისუფლებული ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა) აღდგენის წესი, კერძოდ, თუ ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი გავრცელდა და იგი გათავისუფლდა სასჯელისაგან, მას სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები უნდა აღუდგეს „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით - იმავე წესით, რომლითაც გავრცელდა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონი და გათავისუფლდა სასჯელისაგან.
4. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ეხება მხოლოდ იმ პირს, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდა და არა მას, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე შეუმცირდა სასჯელი.
5. მოცემულ შემთხვევაში ე. ო-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და ვინაიდან იგი სასჯელისაგან სრულად არ გათავისუფლებულა, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტიც ვერ გავრცელდება და, შესაბამისად, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები ვერ აღუდგება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე. ო-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე