საქმე # 330141221004286280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1681-21 10 მარტი, 2021 წელი
ა–ე დ., 1681-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ა–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. დ. ა–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდგომში - სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (22.04.2019 წლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (28.03.2019 წლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (28.03.2019 წლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (22.04.2019 წლის ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - ჯარიმა 5000 ლარი, 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (22.04.2019 წლის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (22.04.2019 წლის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დ. ა–ეს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 22 აპრილიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, კერძოდ - 500 აშშ დოლარი და 540 ლარი.
დ. ა–ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული, საქმიანობის უფლება აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულების მოთხოვნა მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ა–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულმა დ. ა–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
6. მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 9 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულ დ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“.
4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.
5. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული.
6. მოცემულ შემთხვევაში დ. ა–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (არ ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ამნისტია არ ეხება „ბ)“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით; 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ამნისტია არ ეხება „ბ)“ ქვეპუნქტს) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვრა ერთიანი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით და კანონით ამომწურავად განისაზღვრა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (მსჯავრდებულს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს დ. ა–ს საჩივარი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. ა–ე ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული ქმედების მიმართ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ან დანიშნული სასჯელის შემცირება/ უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, არ არის გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ 2021წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით
9. ამავე განაჩენით დ. ა–ე ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა)“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სესაბამისად 5000 -5000 ლარი ჯარიმა.
10. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე“.
11. მოცემულ შემთხვევაში, დ. ა–ეს ჯარიმა დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით. შესაბამისად, არ არსებობს დ. ა–ს საჩივრის არც ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ა–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე