Facebook Twitter

საქმე # 330141221004283011

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1691-21 18 მარტი, 2021 წელი

პ–ა ქ., 1691-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ქ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება: პ. ქ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 4(ოთხი) წელი მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 5(ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5(ხუთი) წელი. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მას 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვა 10(ათი) წლის ვადით.

პ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 1 აპრილიდან

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ პ. ქ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა შეიცვალა შინაპატიმრობით 8(რვა) თვისა და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით. შინაპატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო N.. პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან - 2019 წლის 3 ივლისიდან .

3. 2021 წლის 16 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, საპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ............... პრობაციის უფროსმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ლ. გ–მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ პ. ქ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ქ–ს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით დანიშნული როგორც რეალური სასჯელი, ისე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა. კერძოდ, დანიშნული - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 (ოთხი) წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 (სამი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად (რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს), ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა პ. ქ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

6. მსჯავრდებულმა პ. ქ–ამ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე თ. ს-ს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

7. მსჯავრდებულ პ. ქ–ს მიმართ გამოთხოვილი საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა 2021 წლის 18 მარტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ პ. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული როგორც რეალური სასჯელის, ისე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადის „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის საფუძველზე ¼-ით შემცირების შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, ამ კანონის მე-14 მუხლის მე 2 პუნქტით დადგენილი წესით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).

4. ამდენად, “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას ან/და ჩამორთმევის ვადის შემცირებას ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლისათვის სასჯელის შემცირების პროპორციულად. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს მხოლოდ უფლების აღდგენას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამნისტიის აქტი ითვალისწინებს სასჯელისგან გათავისუფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N141-21; №1071-21; №1081-21)

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე თ. ს-ს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. ქ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე