საქმე # 330100115704805
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №170აპ-19 ქ. თბილისი
ძ–ე ჯ., 170აპ-19 16 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ძ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ ჯ. ძ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ძ–ის გამართლებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ჯ. ძ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 5 აპრილს .......ის მოქალაქე ჰ. ბ. კ–ის, ლ. კ–ს და მ. ყ–ს მიერ ჩამოყალიბდა შპს ,,..............‘‘, რომლის დირექტორადაც დაინიშნა ..........ის მოქალაქე ი. მ. გ–ი. შპს ,,.........‘‘ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ პირობებიან აუქციონზე შეიძინა ქ. .........ში, ........ის დასახლებაში მდებარე, 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 810 720 ლარი. სააუქციონო პირობების მიხედვით: 1) საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო საწარმო და განხორციელებულიყო 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; 3) ინვესტიციის განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა დასაქმებულიყო .............ს არანაკლებ 100 მოქალაქე.
2011 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,............‘‘, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა, წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,...........‘‘ დირექტორ ჯ. ძ–ს, რომელსაც სთხოვა განხორციელებული ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნის მომზადება და წარუდგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაო აქტები. ჯ. ძ–მ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, დაამზადა ყალბი აუდიტორული დასკვნა, სადაც ყალბად მიუთითა, თითქოს, მის მიერ შემოწმებულ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, ინვესტიციის მოცულობა და, ნაცვლად განხორციელებული 2 643 845 ლარის ინვესტიციისა, მიუთითა 5 075 148 ლარის (3 079 020 აშშ დოლარი) ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს ,,..........‘‘ დირექტორმა ი. მ. გ–მა წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
ჯ. ძ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ. ძ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ჯ. ძ–ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.
გაუქმდა ჯ. ძ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის N1/321-15 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 3000 (სამი ათასი) ლარის ნაცვლად შეტანილ, ჯ. ძ–ს (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებულ, .......ში, ......ის მე-.. შესახვევი N..-ში მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის (ს/კ .......) ეკვივალენტურ ნაწილს.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს ჩატარებულ პირობებიან აუქციონზე შპს ,,..........‘‘ შეიძინა ქ. ........ში, ......ის დასახლებაში მდებარე, 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 810 720 ლარი. სააუქციონო პირობების მიხედვით: 1) საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო საწარმო და განხორციელებულიყო 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; 3) ინვესტიციის განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა დასაქმებულიყო საქართველოს არანაკლებ 100 მოქალაქე.
2011 წლის დეკემბრის თვეში შპს ,,...........‘‘ წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,........‘‘ დირექტორ ჯ. ძ–ს და სთხოვა განხორციელებული ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნის მომზადება, რისთვისაც წარუდგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს აქტები. ჯ. ძ–მ არ შეასრულა მისი მოვალეობები, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა და, მხოლოდ წარდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების საფუძველზე, დაამზადა ყალბი აუდიტორული დასკვნა, რომელშიც აღნიშნა, თითქოს, მის მიერ შემოწმდა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შპს ,,.........‘‘ მიერ განხორციელებული იყო 5 075 148 ლარის (3 079 020 აშშ დოლარი) ინვესტიცია.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას ჯ. ძ–ს გამართლების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა ჯ. ძ–მ თავისი ქმედებით ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები - დაზარალებულ მ. მ–ისა და მოწმეების - ი. მ. გ–ის, ლ. მ–ის, დ. ჩ–ის ჩვენებები, ექსპერტ კ. კ–ს ჩვენება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის №...-ე ბრძანება, ამავე სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №.. ოქმი, 2008 წლის 7 ოქტომბრის საკუთრების დამადასტურებელი №...-პ მოწმობა, მინისტრის 2012 წლის 19 დეკემბრის №... ბრძანება, 2013 წლის 4 თებერვლის №.. ბრძანება, 2013 წლის 20 ნოემბრის შეთანხმების აქტი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №............ დასკვნა, თემატური რევიზიის 2014 წლის 24 ოქტომბრის ცნობა და სხვა მტკიცებულებანი, რომლებითაც უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ჯ. ძ–ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდებოდა, კასატორი არ უთითებს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას ...,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით ..ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), არამედ ის გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები”(Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ. ძ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე